logo
ENG



პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, უზენაესის მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს

23 აპრ 202116:12
3 წუთის საკითხავი
clock 977

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას ატარებს. 

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ხელოსუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დადებულ შეთანხმების დოკუმენტში პირდაპირააა მითითებული, რომ სასამართლო რეფორმის დასრულებამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გასაუბრებები უნდა შეჩერდეს.

"გეგმაში პირდაპირ არის მითითებული, რომ უნდა შეჩერდეს უზენაესში გასაუბრებები მანამ, სანამ არ იქნება რეფორმა. როდესაც თავს უქნევს ქართული ოცნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეორე ხელით აგრძელებს დანიშვნების პროცესს. ამ მოლაპარაკებების ფონზე, იუსტიციის საბჭომ განაახლა დღეს 14:00 საათზე განაახლა გასაუბრებები უზენაეს სასამართლოში. ეს იმის ფონზე, რომ ხელისუფლებას ცალსახად აქვს მიცემული დაპირება ჩვენი პარტნიორების წინაშე, რომ გასაუბრება გაჩერდება მანამ, სანამ რეფორმა არ იქნება", - აცხადებს დოლიძე. 

მოსამართლეების გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი  facebook-ზე გამოეხმაურა. 

ჯანეზაშვილი წერს, რომ შეთანხმების დოკუმენტის მიუხედავად გასაუბრება მაინც მიმდინარეობს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი - ქაოსია. 

"რურუას საქმეზე შეთანხმების დოკუმენტიდან გამომდინარე პრეზიდენტი სავარაუდო დროზე მაინც საუბრობს. საბჭოში კი ქაოსია. როგორც იცით შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. მაგრამ დღეს 14 საათზე დანიშნულია გასაუბრება უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან. მაინტერესებს, რა მექანიზმით მოხდება შეჩერება, კანონით თუ პარლამენტიდან ვინმე დაურეკავს ჩინჩალაძეს და ეტყვის, გააჩერეთო? და საინტერესოა ვადებიც", -წერს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით კი, შეთანხმების დოკუმენტი პოლიტიკურია და სანამ ის საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება, მანამდე საბჭო ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.  

"დღეის მდგომარეობით საბჭოსთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლითაც ეს პროცედურა უნდა შევაჩეროთ. რაც შეეხება დოკუმენტს, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი. სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკური საქმიანობისგან და მოქმედებს მხოლოდ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე სანამ ეს დოკუმენტი კანონის სახეს არ მიიღებს და საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, საბჭო ამ პროცედურას ვერ შეაჩერებს", - აცხადებს გვრიტიშვილი. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, საუბარია მართლმსაჯულების რეფორმაზე. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ხარისხის, ანგარიშვალდებულების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისთვის,  საქართველოს ხელისუფლება 2017-19 წლებში გატარებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:

  • პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევის პროცესში გააუმჯობესებს გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს კომპეტენციაზე დამყარებულ შერჩევას.
  • პარლამენტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო პროექტს წარუდგენს, რომელიც ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას დაეფუძნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორღვეული დანიშვნის პროცესის, იუსტიციის უმარლეს საბჭოში ღია კენჭისყრის და კანდიდატების წარდგენისას დასაბუთების აუცილებლობის საკითხები.
  • თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

რა წერია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა