ადვოკატი მიხეილ რამიშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
როგორც რამიშვილმა ფორმულას უთხრა, ის არჩევნებში თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებს.
"დიდი ხანია ვაკვირდები რა მდგომარეობაა ჩემს ქვეყანაში და მიმაჩნია უკვე, დროა, ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება გაგვაჩნია და ასაკიც გვაქვს ისეთი, რომ ბევრი რამ გვაქვს ნანახი ცხოვრებაში, გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება, რომელიც მინდა, რომ ჩემს ქალაქის კეთილდღეობას მოვახმარო", - განაცხადა რამიშვილმა.
რამიშვილის თქმით, შესაძლოა ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს მის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
"ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება პარტიებთან, მაგრამ ვერასდროს მე ვაჭრობას ვერ დავიწყებ, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება საზოგადოების კეთილდღეობა. მე არ მინდა, რომ შედარებები იყოს, საფრანგეთშიც ვიღაც ნაგვის ურნაში ძვრებოდეს და თბილისშიც. არ მჭირდება მე ასეთი თბილისი, მე მინდა ძალიან მდიდარი თბილისი, მდიდარი მოსახლეობა და არა ერთეული ან თანამდებობის პირი", - ამბობს რამიშვილი.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
მიხეილ რამიშვილი რამდენიმე გახმაურებული საქმის ადვოკატია, მათ შორისაა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე.
რამიშვილი ასევე იცავდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს.