logo
ENG



ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში შესვლა საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია

27 აპრ 202111:16
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებმაც 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივიდა. 

შენობაში შესვლა მათ საპროტესტო აქციის ფონზე მოუწიათ.

შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: ბიძინას მონა.

აქციის მონაწილეებს შორის არიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებიც. 

ბადრი ჯაფარიძემ ნათია ლეთოდიანს, კობა ლეთოდიანის შვილს, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე კი - 20 ივნისს, უთხრა, რომ "არავითარ შემთხვევაში არ მოაწერს ხელს ისეთ კანონს, რომელიც მათ უფლებებს დააზარალებს". 

"დამიმახსოვრეთ მე. არაფერს არ მოეწერება ხელი ჩვენგან, რომელიც ან მამამთქვენთან, ან თქვენთან ... ხელი მოვაწერე მხოლოდ იმას, რომ ადამიანები გამოვიყვანო ციხიდან. იმათაც არ შეიწყალებენ უთქვენოდ". - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

ისინი აპროტესტებენ ამნისტიის კანონს, რომელიც შეთანხმებით არის გათვალსიწინებული და რომლის მიხედვითაც, შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია იმ პოლიციელებს, რომლებიც გავრილოვის ღამეს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ, ასევე, ბრძანების გამცემ პირებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველაზე, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არ შეეხება კონვენციურ მუხლებს. 

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იყო. მათი ნაწილი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შედის. 


close დახურვა