logo
ENG



პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

27 აპრ 202117:31
3 წუთის საკითხავი
clock 3083

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა. 

შეწყალების აქტი მან დღეს, 27 აპრილს გამოსცა. 

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!". - განაცხადა მან. 

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების პირობა 19 აპრილს დაასახელა. 

მან თქვა, რომ შეწყალების აქტს გამოსცემს, თუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება - ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, მეორე მხრივ კი ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგება". 

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ქართლმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე. 

რურუამ ბრალი არ აღიარა. ადვოკატების მტკიცებით, მას იარაღი ჩაუდეს. 

გიორგი რურუა 2020 წლის 8 მარტის შეთანმების საფუძველზეც უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა. 


close დახურვა