logo

საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 7.2%-ია

04 მაი 202114:14
3 წუთის საკითხავი
clock 81
2021/05/04/2i23omzptz1wuqa.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87% განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0%, რაც 0.39% პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.16 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9%) ჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (4.2 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (3.2%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.6%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (40.2 პროცენტი), თევზეული (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.4%). 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4%-ით, რაც 1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.1%-იანი მატება, რაც 1.14 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.1%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7%), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8%-ით, რაც 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1%) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), თევზეული (9.4%), პური და პურპროდუქტები (6.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (6.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6%). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.0%-იანი მატება, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (16.3%).

close დახურვა