logo
ENG



თავდასხმა ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე - რას ყვება ჟურნალისტი

04 მაი 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/04/xwkarn6zcaecbg9.jpg

დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ჟურნალისტი ნინუცა კეკელია ყვება, რომ თავდაპირველად დავითგარეჯში მხოლოდ ივერი მელაშვილი და მთავარი არხის გადამღები ჯგუფი იყო, ასევე, იყვნენ ტურისტები. 

თუმცა, მალევე ადგილზე სასულიერო პირები მოვიდნენ. 

"ჩაწერის დროს მოვიდა სასულიერო პირი. ის იყო აგრესიული. ივერი მელაშვილს უთხრა, რომ ის არის მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება. სასულიერო პირი იყო ნასვამი. როცა ვკითხე, რა ერქვა მას და ვინ იყო, გვითხრა, რომ იყო მამა იორამი. მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. მან ოპერატორისკენ გამოიწია, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამასობაში ადგილზე მოვიდა რამდენიმე სასულიერო პირი და ვითარება დაიძაბა. 

ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჩვენი კამერა დააზიანეს. დაიწყო ხელჩართული ჩხუბი". - ყვება ნინუცა კეკელია. 

მისივე თქმით, დახმარება და გაშველება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა, თუმცა, არავინ დაეხმარა. 

"მათ დახმარებაზე უარი გვითხრეს, აწიეს მანქანის მინები და დატოვეს ტერიტორია. 

სასულიერო პირები გვისწორდებოდნენ ფიზიკურად, მეც მირტყამდა ფეხებს. 

ბატონ ივერის ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ - მხოლოდ სიტყვიერს.

მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ადგილზე პოლიცია მოვიდოდა, სასულიერო პირები წავიდნენ, თუმცა, მანამდე გვითხრეს, რომ პოლიცია არ აინტერესებდათ". - თქვა მან. 

ნინუცა კეკელიას თქმით, ისინი საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მიდიან. 

 


close დახურვა