თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციელები, რომელთა ჩვენების საფუძველზე ოქრუაშვილის ბრალეულობა არ იკკვეთება.
"რაც გაქვთ მთელ საქართველოს ნანახი კადრები, სხდომაზე იგივე გაიმეორა რამდენიმე პოლიციელმა, რომ იქ იყო და ხალხის მასა რომ გვაწვებოდაო, მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილიცო. სხვა არაფერი არ უთქვამთ და ბრალდების დადგენილებაშიც არაფერი წერია, რომ მაგალითად ვინმეზე იძალა და მოუწოდა ძალადობისკენ. ვფიქრობ, რომ კანონი აქ არაფერ შუაშია არც მისი დაკავების და არც გადაწყვეტილების მიღების დროს. ბუნებრივია გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და პროცედურებს დავიცავთ. რომ გითხრათ დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აპელაციაში რამე შეიცვლება, არ ვიცი", - განაცხადა ჭაბაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ვაჟა თოდუა ამბობს, რომ პოლიციელების ჩვენებებში ოქრუაშვილის ბრალი ნათლად იკვეთება. კერძოდ, როგორც პროკურორი ამტკიცებს, სამართალდამცველების თქმით, ოქრუაშვილი 30-კაციან ჯგუფს მართავდა და მათ პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდათ.
"დაიკითხა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც განაცხადს, რომ ოქრუაშვილი პოლიციის კორდონთან მივიდა დაახლოებით 30 ადამიანთან ერთად, მართავდა მათ და მოუწოდებდათ მათ, რომ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. ამავდროულად ამის ამსახველი ვიდეო მასალაც არსებობს და დასკვნა, სადაც ჩანს, რომ ოქრუაშვილი მოუწოდებს ადამიანს ფრაზებით: "წავიდა, წავიდა", - აღნიშნა თოდუამ.
აღსანიშნავია, რომ სხდომას 20 ივნისის საქმის კიდევ ერთი ბრალდებული ბესიკ თამლიანი ესწრებოდა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ გაანთავისუფლეს.
"საქართველოში სამართალი არ არსებობს. მთავრობას თუ ჰგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილებით ხალხს შეაშინებს და უკან დახევისკენ უბიძგებს, ეს გამორიცხულია", - ამბობს თამლიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა და მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.