logo
ENG



ბოკერია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: დემოკრატიული პროცესის სპექტაკლიც კი არ ითამაშეს

07 მაი 202121:59
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: დემოკრატიული პროცესის სპექტაკლიც კი არ ითამაშეს

გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ  დემოკრატიული პროცესების იმიტაციაც კი არ შექმნა.

ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოს უფლების გამოუყენებლობა ქართული საზოგადოების უპატივცემულობაა.

„რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოცარი შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის უტიფრობის. ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც.

რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია არ იყო და განხილვა არ იყო, რომ ამის გამო საკამათო რაღაც მუხლები, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს. ანუ სპექტაკლიც კი არ ითამაშეს დემოკრატიული პროცედურის", - აცხადებს გიგა ბოკერია.

 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი იყო მის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებისთვის.

 

რა ცვლილებები შევიდა კანონში?

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი 29 აპრილს დაუჭირა. გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

ცვლილებები შევიდა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე. 

  • 166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.  

  • 173-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით. 

    ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე. 
     
  • 247-ე მუხლში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა. 

კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

საელჩოში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა. 

კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია, ხოლო ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.

 


close დახურვა