logo
ENG



თვითმკვლელობამდე მიყვანილი 26 წლის ქალი - შაბათის ფორმულამ მომხდარის დეტალები გაარკვია

08 მაი 202120:20
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ საქართველოში 26 წლის ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმის დეტალები გაარკვია. საქმე ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი, 5 მაისს იპოვეს. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ვიდრე ასელ აიტპაევა თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდოდა, ის რამდენიმე დღე რუსთავში, ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ ამ ნათესავის მეშვეობით ჩამოვიდა ახალგაზრდა გოგო საქართველოში. მას ავტოტრანსპორტის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში მუშაობა შესთავაზეს. გარდაცვალებამდე ქალმა მეგობარს აუდიოჩანაწერი გადაუგზავნა, სადაც ყვებოდა, რომ ის რუსთავში ვინმე მურადმა გააუპატიურა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ მოძალადე მისი ნათესავის ქმარი აღმოჩნდა, რომელმაც აიტპაევას თქმით, ის 500 დოლარად გაყიდა. სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან რუსთავი და საცხოვრებლად გადავიდა კაცთან, რომელიც ამავე ბიზნესში იყო ჩართული.

ავტოსატრანსპორტო კომპანია, რომელშიც ასელ აიტპაევა მუშაობდა, ბოლო რამდენიმე დღეა დაკეტილია. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მისი ხელმძღვანელი, ყაზახეთის მოქალაქე მურად მეირბეგოვი, იგივე მურად ახმეტოვია, რომელზეც ახალგაზრდა ქალი ყვება აუდიოჩანაწერში. ცნობილი ხდება, რომ მეირბეგოვმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის ყაზახეთშია. 26 წლის გოგოს მშობლები საქართველოში ხვალ ჩამოვლენ.

მედიაში ასევე გავრცელდა ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი, სადაც გოგო ესაუბრება კაცს, რომელიც მას მოკვლით ემუქრება. ირკვევა, რომ ეს სწორედ ის კაცია, ვისთანაც ის თბილისში ცხოვრობდა. 

პოლიციის განყოფილებაში ასელ აიტპაევა მას შემდეგ მივიდა, რაც მასზე სექსუალურად იძალადეს და დაემუქრნენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში 26 წლის გოგოს საჩივარი არც ოფიციალურად დევს და არც მისი მისვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა სამართალდამცავებთან, თუმცა მათ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ. მოგვიანებით ის გარდაცვლილი იპოვეს. 

გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ 26 წლის გოგო ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. შაბათის ფორმულასთან საუბარში ასელის ნათესავი, აინა აიტპაევა ამბობს, რომ გოგონა ყაზახეთში დასაბრუნებლად ფინანსურ დახმარებას მის მეგობარს სთხოვდა, თუმცა ოჯახთან ყველაფერს მალავდა.

5 მაისს, დიდუბეში მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა მხოლოდ ერთი პირი დააკავეს. ბ.თ. სწორედ ის კაცია, რომელიც აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს. შაბათის ფორმულას ცნობით, პოლიციამ ის გამოკითხა და შემდეგ გაუშვა, მოგვიანებით კი ზუგდიდში დააკავეს. დაკავებულს ბრალად ედება გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა.


close დახურვა