logo
ENG



ღარიბაშვილი მელიაზე: დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად

09 მაი 202110:06
3 წუთის საკითხავი
clock 4126
ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელია ამბობდა, რომ ვერ დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს და გირაოც მიიღო. ასე ეხმაურება ღარიბაშვილი ევროკავშირის მიერ მელიასთვის გირაოს გადახდას.

მისი განცხადებით, მელია აღარ არის საინტერესო და ქვეყანაში უამრავი პრობლემაა.

"აღარ არის საინტერესო... დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ.

მე მაქვს შემდეგი პოზიცია - ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქი-ბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად", - თქვა ღარიბაშვილმა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გუშინ, 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფორმულა 7 მაისს ავრცელებდა. 

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. 

დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერებს 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე (ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეებზე) უნდა გადაედგათ ისეთი ნაბიჯები ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. 

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. პროკურატურა მას 2019 წლოს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.  

1-ლ მაისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა. შეხვედრის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც, რომლითაც "დადგინდება, ვინ იჯალათა და ვინ გასცა 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება". 

იმავე დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "როგორც ჩანს, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვებს საპატიმროს". 


close დახურვა