ევროკავშირმა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად 40 000 ლარის გირაო გადაიხადა.
EU-ს წარმომადგენლობის განცხადებაში ვკითხულობთ:
"დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე".
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, გუშინ, 7 მაისს ფორმულამ გაავრცელა.
ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.
ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. პროკურატურა მას 2019 წლოს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.
1-ლ მაისს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა. შეხვედრის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც, რომლითაც "დადგინდება, ვინ იჯალათა და ვინ გასცა 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება".
იმავე დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "როგორც ჩანს, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვებს საპატიმროს".