ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
ოპოზიცია მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს წარუდგენს. პარტიების ერთობლივად მომზადებული პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასაც ითვალისწინებს, ასევე, ეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.
როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, კანონპროექტის ამოსავალი წერტილი შარლ მიშელის დოკუმენტია.
განხილვაშიც სწორედ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შეხვედრა კაჭრეთში მიმდინარეობს და 2-დღიანია.
თუმცა, როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, არ აქვთ იმედი, რომ მმართველი გუნდი მათ ინიციატივებს მარტივად დათანხმდება.
"ამ დოკუმენტით ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეთანხმებულ პუნქტებს შევიტანთ. უსაფუძვლო ოპტიმიზმი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველა პუნქტზე სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს". - თქვა ხათუნა სამნიძემ.
"სისტემა, რომლითაც 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, კრიტიკას ვერ უძლებს და ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეთანხმებას. ნამდვილად არ ველოდები, რომ რამეს მიიღებს, ჩვენ კარგად ვიცით ქართული ოცნების მიზნები და ბუნება ამ 8 წლის განმავლობაში. ვიცით, რომ ზეწოლის, მიწოლის და მუშაობის გარეშე არაფერს შეცვლიან, ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას". - თქვა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, ნათქვამია, რომ უნდა განხორციელდეს ამბიციური საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, 2%-მდე დაიწიოს საარჩევნო ბარიერი.
დოკუმენტში საუბარია ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნისა და საარჩევნო კომისიების წევრების დაკომპლექტების პროცედურებზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.