logo
ENG



სხვადასხვა ქალაქის მერების მოადგილეებს თანამდებობებს ატოვებინებენ

11 მაი 202117:18
3 წუთის საკითხავი
clock 1028

გორის და ხაშურის მერების მოადგილეების შემდეგ თანამდებობები ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეებმა დატოვეს. 

როგორც ამბობენ, მათ პოსტები დაატოვებინეს, ვინაიდან თავს გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებენ. 

ფოთის მერის ყოფილი მოადგილე, პაატა ლაგვილავა ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ მერმა, გოჩა კურდღელიამ ამცნო, თუმცა, ინიციატივა პარტია ქართული ოცნებიდან წამოვიდა. 

"მითხრა, რომ პარტიის მხრიდან იყო მოთხოვნა, თანამდებობიდან წავსულიყავით. კერძოდ, დავით გვიშიანის მოთხოვნა იყო. საუბარში შევატყვე, რომ ეს მერის ინიციატივა არ ყოფილა. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანამოაზრეები, შესაბამისად, ეს იყო ჩვენი გათავისუფლების ძირითადი მოტივი". - თქვა პაატა ლაგვილავამ. 

იმავეს ამბობს მარტვილის მერის ყოფილი მოადგილე, აკაკი ხუნწელიაც.

"მერი იყო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. მოთხოვნა იყო მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად". - თქვა მან. 

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფოთის მერის კიდევ ერთი მოადგილე, კონსტანტინე თოფურია, ასევე, სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი. 

მანამდე, გიორგი გახარიას თანამოაზრეობისთვის თანამდებობები დატოვეს გორის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ასევე, ხაშურის მერის მოადგილემ. 


close დახურვა