გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე მოწერელია, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ ოცნებას წარმოადგენდა, ყოფილ გუნდს რეპრესიებსა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.
მოწერელია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეების გათავისუფლებას გამოეხმაურა იმ მიზეზით, რომ ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამოაზრეები არიან.
“დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”. მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკსაც, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია ქართული ოცნებისა და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. ქართული ოცნება ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას ამ გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას, ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში". - თქვა მან.
გორის და ხაშურის მერების მოადგილეების შემდეგ თანამდებობები ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეებმა დატოვეს.
როგორც ამბობენ, მათ პოსტები დაატოვებინეს, ვინაიდან თავს გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებენ.
ფოთის მერის ყოფილი მოადგილე, პაატა ლაგვილავა ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ მერმა, გოჩა კურდღელიამ ამცნო, თუმცა, ინიციატივა პარტია ქართული ოცნებიდან წამოვიდა.
იმავეს ამბობს მარტვილის მერის ყოფილი მოადგილე, აკაკი ხუნწელიაც.
თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფოთის მერის კიდევ ერთი მოადგილე, კონსტანტინე თოფურია, ასევე, სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი.
მანამდე, გიორგი გახარიას თანამოაზრეობისთვის თანამდებობები დატოვეს გორის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ასევე, ხაშურის მერის მოადგილემ.