logo
ENG



ნეთანიაჰუ: ისრაელის დაბომბვა ჰამასს ძვირი დაუჯდება

11 მაი 202123:55
3 წუთის საკითხავი
clock 7919
2021/05/12/jbez6dem2bh8t36.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელავივის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ამბობს, რომ ისლამისტური დაჯგუფება ჰამასსა და პალესტინელი ჯიჰადისტებს ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმა "ძვირად დაუჯდებათ".

"მათი სისხლი მათ სინდისზეა", - აცხადებს ნეთანიაჰუ დაღუპული პალესტინელების შესახებ და ტერორისტულ დაჯგუფებას საპასუხო ნაბიჯებს ჰპირდება. 

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ასობით ობიექტი დაბომბეს და კვლავ განაგრძობენ ტერიტორიაზე სამხედრო რეიდებს. 

ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოსახლეობას, გაითვალისწინონ უსაფრთხოების ყველა ზომა და მითითება, რომელსაც სახელმწიფო უწყებები გასცემენ. 

ცენტრალურ ისრაელში უპრეცენდენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება, ადგილობრივი მედიის ცნობით, საბრძოლო რაკეტას ემსხვერპლა ისრაელის ერთი მოქალაქე, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა. 

პალესტინელმა სამხედროებმა დაბომბეს ეილათ-აშკელონის გაზსადენი, ქალაქ ხოლონში კი ჭურვი მოხვდა სამგზავრო ავტობუსსაც. 

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა - 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.

ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო სირენების დახმარებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო, ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან მუქარის განხორციელების შემდეგ დროებით შეწყდა ყველა ფრენა თელავივის მიმართულებით, თუმცა რამდენიმე საათლში აეროპორტები კვლავ გაიხსნა. 

თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა. 

საქართველოს საელჩომ ისრაელში მოქალაქეებს თავდაცვის ზომების მიღებისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია. 

ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა. 

 


close დახურვა