logo
ENG



ქალაქ ლოდში ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

12 მაი 202111:01
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელმა ქალაქ ლოდში, სადაც 12 მაისის ღამით პალესტინელთა საპროტესტო გამოსვლები ძალადობაში გადაიზარდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

მედიის ცნობით, დემონსტრანტები თავს დაესხნენ და დაარბიეს სავაჭრო ობიექტები, დაწვეს სინაგოგები და მანქანები. 

ძალადობრივი გამოსვლები იყო ქალაქ რამალაში. ლოდსა და რამალაში, ჯამში, 151 ადამიანი დააკავეს. 

ისრაელის პოლიციის უფროსის, კობი შაბთაის განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი ძალადობა 2000 წლის ოქტომბრის მერე არ ყოფილა. 

ისრაელის პოლიციამ წესრიგის დაცვა რეზინის ტყვიების გამოყენებით სცადა, აჯანყებულები კი, თავის მხრივ, მათ ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, ISA– სთან ერთად, გაანეიტრალეს ჰამასის დაზვერვის ხელმძღვანელები: ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი  ჰამას კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა - სამხედრო დაზვერვის კონტრეაგინაციის დეპარტამენტის უფროსი.

ისრაელში შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა. 30 მათგანი პალესტინელია. 

12 მაისს ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმებმა ღაზას სექტორში მიწასთან გაასწორა 13-სართულიანი კორპუსი 80 საცხოვრებელი ბინით, ღაზას სექტორიდან  ისლამისტურმა დაჯგუფებამ ჰამასმა კი თელ ავივის მიმართულებით განახორციელეს საჰაერო თავდასხმა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. 

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ რკინის გუმბათი დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90% გაანეიტრალა. მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში ჰამასის 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი "დიდი ოპერაციის შუაშია". 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჰამასი და ისლამური ჯიჰადი დიდ ფასს გადაიხდის თავიანთი აგრესიული ქმედებებისთვის. მათი სისხლი მათსავე კისერზეა. ოპერაციას დრო დასჭირდება". - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა. 

პალესტინის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შტაიემ კი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდა, შეაჩერონ ისრაელის აგრესია მათი ხალხის წინააღმდეგ. 

ისლამური ჯიჰადის მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ზიად ალ ნახალმა თავის მხრივ თქვა: 

"ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. და ჩვენ ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ უკან არ დავიხევთ, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ღვთის ნებით". 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ის "ძალიან შეშფოთებულია ღაზის სექტორში ძალადობის ესკალაციით, რაც ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობას ამწვავებს".  

***

12 მაისის ღამით პალესტინელ სამხედროებსა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის ორმხრივი ცეცხლისა და სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის პარალელურად, არაბებით დასახლებულ ებრაულ ქალაქებში ლოდსა და რამლაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა. 

ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ქალაქ ლოდში, სადაც არაბები ადგილობრივი მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ. მედია იუწყება, რომ დემონსტრანტები თავს ესხმიან და არბევენ სინაგოგებს, სავაჭრო ობიექტებს და წვავენ ავტომობილებს. 

ლოდის მერმა, იაირ რევივომ ქალაქში შექმნილ ვითარებას სამოქალაქო ომი უწოდა და განაცხადა, რომ ქუჩებში "არაბული ბანდები" დათარეშობენ და სინაგოგებსა და ავტომობილებს წვავენ. 

შექმნილი ვითარების გამო, პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ლოდში სასაზღვრო პოლიციის ბატალიონები გაგზავნეს, გადაწყვეტილება ქალაქის მერის მოთხოვნამ განაპირობა - რევივომ პრემიერმინისტრს არეულობასთან გასამკლავებლად სამხედრო დახმარებისთვის მიმართა. 

11-12 მაისის ღამით ცენტრალურ ისრაელში უპრეცენდენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმები ხორციელდებოდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, საბრძოლო რაკეტას ემსხვერპლა ისრაელის ერთი მოქალაქე, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა. 

პალესტინელმა სამხედროებმა დაბომბეს ეილათ-აშკელონის გაზსადენი, ქალაქ ხოლონში კი ჭურვი მოხვდა სამგზავრო ავტობუსსაც

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. 

ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო სირენების დახმარებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო, ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან მუქარის განხორციელების შემდეგ დროებით შეწყდა ყველა ფრენა თელავივის მიმართულებით, თუმცა რამდენიმე საათლში აეროპორტები კვლავ გაიხსნა. 

თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა. 

საქართველოს საელჩომ ისრაელში მოქალაქეებს თავდაცვის ზომების მიღებისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. 

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია. 

ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა. 


close დახურვა