logo
ENG



ღარიბაშვილი: ვგმობთ ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას

12 მაი 202123:08
3 წუთის საკითხავი
clock 1167
ღარიბაშვილი: ვგმობთ ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს გმობს.

"საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ  ძალადობას და სარაკეტო შეტევებს, - წერს ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

"ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია  მშვიდობიან  მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად,"- ნათქვამია პრემიერის „ტვიტში".

დღეს, 12 მაისს ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი მიმართულებით პალესტინელმა სამხედროებმა სამ დღეში 1000-მდე სარაკეტო გასროლა განახორციელეს.

თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია.

ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.


close დახურვა