logo
ENG



ლელომ ახვლედიანთან, სამადაშვილთან და შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა

13 მაი 202110:57
3 წუთის საკითხავი
clock 3163

პარტია ლელომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან, სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის სახელწოდება იქნება "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". მისივე თქმით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება სალომე სამადაშვილი.

"პირველი ოპოზიციური ფრაქციაა "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". სწორედ, ეს ფრაქცია იქნება გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნეს წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარების, სისტემურ დატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ფრაქციის მთავარი დღის წესრიგი იქნება, როგორც პარლამენტის შიგნით, ისევე საზოგადოებასთან, პარლამენტს გარეთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება. 

3 დამოუკიდებელი დეპუტატის გარდა, ფრაქციის წევრები იქნებიან ლელოდან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და დავით უსუფაშვილი. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონპროექტს, დარეგისტრირებულია მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ორი პროექტი.


close დახურვა