logo
ENG



"სხდომებზე ქვეყნის საზიანო ქმედების ნიშანი არ იყო" - კარტოგრაფების საქმის ბრალდების მოწმე

14 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock 945

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხა საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი აზერბაიჯანში, გელა დუმბაძეა. როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, დღეს მან მისცა ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც 2002-2005 წლებში ბაქოში გამართულ საზღვრის დელიმიტაციის სხდომებს ესწრებოდა.

მისი თქმით, მას საზღვრის დელიმიტაციის სხდომებში ტექნიკური საკითხები ეხებოდა.

"დაკითხვა მოხდა იმ კონტექსტში, რომ 2002-2005 წლებში გახლდით საქართველოს საელჩოს მრჩეველი აზერბაიჯანში და ვესწრებოდი საზღვრის დელიმიტაციის ორ-სამ სხდომას. მივეცი ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც ესწრებოდა რამდენიმე სხდომას. შემფასებელი ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი გამოკითხვა მოხდა კონკრეტულ მომენტში, 2002-დან 2005-წლამდე, სადაც არც ტელევიზიით და არც სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებებით ამ პერიოდზე შეკითხვები არ ყოფილა. კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, საელჩოს წარმომადგენელი ვიყავი", - განაცხადა გელა დუმბაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იღებდა თუ არა კარტოგრაფი ივერი მელაშვილი ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებს, გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ პროცესებზე, რომელსაც ის ესწრებოდა, მსგავსი რამ არ ყოფილა.

"არავითარი ნიშანი, როდესაც მე ვესწრებოდი, ერთი ხინჯიც არ არსებობს, რომ ვიღაც რაღაცას იღებდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა გელა დუმბაძემ.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

მელაშვილი და ილიჩოვა 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს


close დახურვა