logo
ENG



10 მილიონი მიზეზი ასაცრელად - The Economist

14 მაი 202114:58
3 წუთის საკითხავი
clock 1067
2021/05/14/j1xi2syqcp9u6gq.jpg

მიმდინარე კვირაში ეკონომისტმა  კოვიდ19-ის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკის რეალისტური მოდელი გამოაქვეყნა. მასში პანდემიის რეალურ ამბავს ამოვიკითხავთ. თუმცა ის, ამავდროულად, მყისიერ გაფრთხილებასაც შეიცავს. სანამ ვაქცინის მარაგები ღარიბ ქვეყნებამდე არ მიაღწევს, ინდოეთში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც არაერთხელ განმეორდეს.

121 ცვლადზე დაშენებული მონაცემების გამოყენებით, რომელიც ისეთ ცვლადებსაც მოიცავს, როგორიცაა გარდაცვალების აღრიცხული შემთხვევები და დემოგრაფიული ფაქტორები, ეკონომისტმა შექმნა თანაფარდობის ნიმუში. ის იმ ინფორმაციის შევსებაში გვეხმარება, რომელსაც არსებული სტატისტიკა ვერ ფარავს. ჩვენ მიერ შექმნილი გამოთვლის მოდელი გვკარნახობს, რომ კოვიდ-19-მა 7.1-დან 12.7 მილიონამდე სიცოცხლე უკვე შეიწირა. გამოცემის ცენტრალური გამოთვლა 10 მილიონი გარდაცვლილია.

სიკვდილიანობის ეს „ნამატი“ ოფიციალურად აღრიცხული შემთხვევების რაოდენობას სამჯერ აღემატება. სწორედ აღრიცხული შემთხვევების სტატისტიკაა მთავარი საბაზისო მონაცემი კოვიდინფექციის შესახებ ნებისმიერი სტატისტიკური დაკვირვებისთვის,  სიკვდილიანობის მაჩვენებლის ჩათვლით.

მთავარი, რასაც  ეკონომისტის გუნდის მიერ შექმნილი მოდელი გვკარნახობს, ვირუსის შედეგად ღარიბი ქვეყნებისთვის დამდგარი უმძიმესი ვითარებაა, რომელიც აქამდე, სრული მასშტაბით, არავის წარმოედგინა.   ოფიციალური მონაცემები გვკარნახობენ, რომ პანდემია ეტაპობრივად გამძვინვარდა, შეერთებული შტატები კი, ევროპის რეგიონთან ერთად, საკმაოდ მძიმედ დაზარალდა.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ, მაგალითად, სამხრეთ ამერიკა, უმძიმესად დააზარალა, განვითარებადი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თითქოს მარტივად უმკლავდებოდა ვირუსის გავრცელების შედეგად დამდგარ გამოწვევებს.

თუმცა გამოცემის მიერ შექმნილი გამოთვლის მოდელი სხვა ამბავს გვამცნობს.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მდიდარი ქვეყნების ნაწილშიც გვხვდება, გარდაცვალების დაახლოებით 6.7 მილიონი შემთხვევა, რომელიც არასოდეს აღნუსხულა,   თითქმის სრულად ღარიბ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. რუმინეთსა და ირანში გარდაცვალების აღურიცხავი შემთხვევები ოფიციალურ რიცხვებს ორჯერ აღემატება. ეგვიპტეში 13-ჯერ. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში განსხვავება მხოლოდ 7,1%-ია.

ინდოეთიც კი, სადაც ყოველდღიურად ვირუსის შედეგად დაახლოებით 20 000 ადამიანი იღუპება, არ არის იშვიათი გამონაკლისი. ეკონომისტის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის მოცულობასთან მიმართებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, პანდემიამ პერუ 2,5-ჯერ უფრო დააზარალა, ვიდრე ინდოეთი. ვირუსი მძვინვარებს ასევე ნეპალსა და პაკისტანში. მეტად გადამდები შტამები უფრო სწრაფად ვრცელდებიან, მასშტაბურ გავრცელებას კი ჯანდაცვის სისტემები ვერ უმკლავდებიან, რაც მეტ სიკვდილობას იწვევს.

ვითარებიდან საბოლოო გამოსავალი ვაქცინაციაა. თანამშრომლობისა და ინოვაციის ნიშნით, კოვიდ-19-ის ვაქცინები აპოლოს კოსმოსურ მისიასაც კი უტოლდება. ვირუსის აღმოჩენიდან ერთ წელიწადში, შესაძლებელია ადამიანების დაცვა მწვავე გართულებებისა და სიკვდილისგან. ასობით მილიონმა ადამიანმა კი ამ მიღწევით უკვე ისარგებლა. 

მიუხედავად ამისა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ვაქცინები მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის უფსკრულს კიდევ უფრო გააღრმავებს. ძალიან მალე მდიდარ ქვეყნებში კოვიდ19-ის შედეგად მხოლოდ გამორჩეულად სუსტი ჯანმრთელობის მქონე და უიღბლო ადამიანები დაიღუპებიან, ისევე როგორც ისინი, ვინც ვაქცინაციის შესაძლებლობაზე თავადვე იტყვიან უარს. თუმცა მეტად ღარიბ ქვეყნებში ადამიანების უმეტესობას ეს შესაძლებლობა არც მიეცემა. ისინი მომდევნო თვეების ან წლების განმავლობაში ვირუსისგან კვლავ დაუცველები იქნებიან.

მსოფლიო ვერ მოისვენებს, სანამ ადამიანები იმ აცრის უქონლობის გამო იღუპებიან, რომლის ორი დოზაც 4 დოლარი ღირს. რთულია რესურსების გამოყენების ვაქცინაციაზე უკეთესი გზა გამონახო. ეკონომისტის გამოთვლით, ვაქცინაციის სრული კურსის პირდაპირი ღირებულება 2 900 $-ია. ივლისამდე დამატებით 1 მილიარდი დოზის მიწოდებით მიღებული სარგებელი ასობით მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ვირუსის შემცირებული ცირკულაცია ნაკლებ მუტაციას ნიშნავს, რაც ახალი შტამით ვაქცინირებულთა ხელახლა ინფიცირების შანსებს ამცირებს. 

ვაქცინის მარაგები ისედაც იზრდება. ანალიტიკური ფირმის, Airfinity-ის გამოთვლებით, აპრილის ბოლოსთვის მწარმოებლებმა ვაქცინის 1.7 მილიარდი დოზა შექმნეს, რაც მარტის მაჩვენებელს 700 მილიონით, იანვრის მაჩვენებელს კი ათჯერ აღემატება. პანდემიის დაწყებამდე მსოფლიოს ყოველწლიურად ვაქცინის მხოლოდ 3.5 მილიარდი დოზის წარმოება შეეძლო, ბოლო მონაცემებით კი, 2021 წლისთვის წარმოების მოცულობა 11 მილიარდს გაუტოლდება. ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი 2022 წლისთვის გლობალურ მარაგსაც კი წინასწარმეტყველებს.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ვაქცინების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოფისკენ ისწრაფვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კოვიდის ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების შეზღუდვას დაუჭირა მხარი. დარგის მრავალი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რადგან ვაქცინების წარმოება აუთვისებელია, შესაძლოა, ამ გზით, დამატებით მილიონობით დოზა  გახდეს ხელმისაწვდომი, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები წარმოების საიდუმლოს გამხელას დაიწყებენ, მათ შორის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რიგის ბოლოში დგანან. მსოფლიო სავაჭრო წესები უფლების დროებით გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს. განა როდის უნდა გამოიყენო ეს შანსი, თუ არა პანდემიისას?!

უფლების დროებით გაუქმება დოზებზე არსებულ მყისიერ დეფიციტს ვერ შეავსებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხმის მიცემა, რომელიც ფორუმზე საკითხის დეტალურად განხილვის შემდეგ უნდა გაიმართოს, შესაძლოა, დეკემბრამდე ვერ შედგეს. პროცესის მყისიერად დაწყების შემთხვევაშიც კი, ტექნოლოგიის გადაცემას შესაძლოა დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდეს. mrna ტიპის (ფაიზერი, მოდერნა) ვაქცინების ტრანზიციის პერიოდი შესაძლოა კიდევ უფრო გაიწელოს.  ტექნოლოგიის გადაცემის პროცესის დაჩქარების შემთხვევაშიც კი, ვაქცინის დასამზადებლად კვალიფიციური პერსონალის  დაქირავება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, წარმოების მსურველები კი ვაქცინის დასამზადებლად საჭირო მასალებს  ვერ მოიპოვებდნენ.

თუმცა მწარმოებლები ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიას საიდუმლოდ ბაიდენის ინიციატივის გარეშეც არ ინახავდნენ - სხვა შემთხვევაში, წარმოების მოცულობა ამდენად ვერ გაიზრდებოდა. მათ ტექნოლოგიის გადაცემაზე უკვე 214 შეთანხმება გააფორმეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. ამ პროცესში მწარმოებლები არც ფასებით მანიპულირებენ და არც მოგების დრამატულად გაზრდას ცდილობენ - ფული არ არის ვაქცინაციის საკვანძო კომპონენტი. ღარიბი ქვეყნები ინდუსტრიის მიღმა მაღალი ფასების გამო არ რჩებიან: მათთან ვაქცინები კოვაქსის პლატფორმის გავლით მიდის.

ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დათმობის გრძელვადიანი შედეგები განჭვრეტადი არ არის. შესაძლოა ამას მართლაც მოყვეს შესაბამისი ტექნოლოგიის ღარიბ ქვეყნებში დანერგვა. თუმცა, უდიდესი ალბათობით, ის ზიანს მოიტანს, ჯაჭვური მომარაგების მორღვევის, რესურსების ფლანგვისა და ინოვაციის შეფერხების შედეგად.

მდიდარმა ქვეყნებმა თავდაპირველად ვაქცინები ჭარბი რაოდენობით დაჯავშნეს, რადგან არ იცოდნენ, რომელი ვაქცინა იქნებოდა ეფექტური ვირუსის წინააღმდეგ. ბრიტანეთში ყოველ ზრდასრულ მოქალაქეზე 9 დოზა ვაქცინა მოდის, კანადაში კი - 13 დოზაზე მეტი. არასწორია, სიკვდილის მინიმალური რისკის წინაშე მდგარი თინეიჯერების, მოხუცებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე წინ დაყენება. მსოფლიოს მდიდარმა ნაწილმა უნდა შეწყვიტოს საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის რამდენჯერმე სრულად აცრისთვის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებითი დოზების დასაწყობება.  ამ გზით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ვაქცინის მილიარდობით დოზის უზრუნველყოფა შეიძლება.

ეკონომისტის მოდელი არ არის განჭვრეტადი, თუმცა ის გვკარნახობს, რომ მსოფლიოს ზოგიერთი ნაწილი ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია. კოვიდ-19-ს თავისი გზა ჯერ არ დაუსრულებია. საბედნიეროდ, ვაქცინების წყალობით, გაჩნდა შანსი მილიონობით სიცოცხლის გადარჩენისა. მსოფლიომ კი ეს შანსი არ უნდა გაფლანგოს.

 

მასალა მომზადებულია The Economist-ის სტატიის მიხედვით


close დახურვა