logo
ENG



26 წლის ყაზახი ქალის საქმეზე გაუპატიურების ბრალდება კიდევ ერთ პირს წაუყენეს

14 მაი 202117:13
3 წუთის საკითხავი
clock 1761

26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას გარდაცვალებაზე პროკურატურამ გაუპატიურების ბრალდება კიდევ ერთ პირს, ყაზახეთის მოქალაქეს წაუყენა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. 

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ.-მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

მანამდე შაბათის ფორმულამ ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმის დეტალები გაარკვია. კერძოდ, გარდაცვალებამდე ქალმა მეგობარს აუდიოჩანაწერი გადაუგზავნა, სადაც ყვებოდა, რომ ის რუსთავში ვინმე მურადმა გააუპატიურა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ მოძალადე მისი ნათესავის ქმარი აღმოჩნდა, რომელმაც აიტპაევას თქმით, ის 500 დოლარად გაყიდა. სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან რუსთავი და საცხოვრებლად გადავიდა კაცთან, რომელიც ამავე ბიზნესში იყო ჩართული.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო კომპანიას, რომელშიც ასელ აიტპაევა მუშაობდა ყაზახეთის მოქალაქე მურად მეირბეგოვი, იგივე მურად ახმეტოვი ხელმძღვანელობს, რომელზეც ახალგაზრდა ქალი ყვება აუდიოჩანაწერში. ცნობილი ხდება, რომ მეირბეგოვმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის ყაზახეთშია.

ცნობისთვის, 26 წლის აისელ აიტპაევამ 5 მაისს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს გარდაცვლილი, ხოლო 6 მაისს შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება 7 მაისს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

 


close დახურვა