logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: საიდუმლო იარაღი

16 მაი 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock 5248

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არაბებთან ომში საიდუმლო იარაღი გვქონდა - ალტერნატივა არ არის!"

ალტერნატივა არ არის - უნდა იბრძოლო და მოიგო, რომ გადარჩე. გოლდა მეიერმა თქვა ის რაც ებრაელი ერისთვის მოცემულობაა.

დღეს ისრაელში კონფლიქტის მორიგი ცხელი ფაზაა...საქართველოს ხელისუფლების უხერხემლო განცხადებებისგან განსხვავებით, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო ისრაელს, მის მოსახლეობას და ებრაელ ხალხს. თქვენი მარტო უფლება კი არა, ვალდებულებაცაა ყველანაირი საშუალებით დაიცვათ საკუთარი თავი და ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაცდელიდანაც თქვენი სახელმწიფო უფრო გაძლიერებული გამოვა.

იმის მიუხედავად, რომ მტრული ქვეყნებით გარშემორტმული ისრაელი დაარსების დღიდან ომშია, ამ სახელმწიფომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია და საუკეთესო მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეიძლება უმძიმეს პირობებში მყოფმა მცირერიცხოვანმა და მცირემიწიანმა ერმა შრომითა და ბრძოლით დაიმკვიდროს თავი, ააშენოს არამარტო ძლიერი, არამედ დემოკრატიული, მოწინავე და თანამედროვე სახელმწიფო. თეთრი შურით ვუყურებ მე ამ ქვეყანას და ვეკითხები საკუთარ თავსაც და თქვენც: რატომ არ ვართ, ან არ შეიძლება ვიყოთ ისრაელი?

ორი დღის წინ 73-ე წელი შესრულდა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან. ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიის თითოეული დღე არის ბრძოლა არაბულ სამყაროსთან სახელმწიფოს გადარჩენისთვის. ჩვენი თანამედროვე ისტორია დაახლოებით ამის ნახევარია, თუმცა ამ დღეების უმეტესობა სახელმწიფოს შენების ნაცვლად მის ნგრევას, მტერთან ბრძოლის ნაცვლად კი ერთმანეთის წინააღმდეგ ქიშპობას შევალიეთ.

ჰამასის მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათში ისრაელის მთავრობამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები საკუთარ შვილებს ჯარში კი არა - პირდაპირ ომში ამაყად აცილებდნენ. ომს რომ თავი დავანებოთ, რთული გასახსენებელია ჩვენი პრეზიდენტების, პრემიერმინისტრების, მინისტრების შვილებს, ან ოჯახის წევრებს უომიათ კი არა საერთოდ ქართულ ჯარში თუ უმსახურიათ? ისრაელის სახელწიფო მეთაურებისა და პოლიტიკური ელიტის უდიდესმა უმრავლესობამ პირადად იბრძოლა და სისხლი დაღვარა ქვეყნისათვის.

მეტიც კატასტროფულად სამარცხვინო და საწყენი მოვლენაა, როცა კვლავ შეხსენებას და ახსნას საჭიროებს ის, რომ ქართული ჯარის გაძლიერება და მისით სიამაყე ზეეროვნული ამოცანაა და პარტიულ, ან სამთავრობო პოლიტიკურ დღის წესრიგს ცდება. მაგ:

ახლოვდება 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ადრეც არაერთხელ გვქონდა მცდელობა და ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის განსაკუთრებით ვთხოვეთ თავდაცვის სამინისტროს დახმარება და თანამშრომლობა: ნებართვა შესაბამის სამხედრო ნაწილებზე წვდომის, ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე რეპორტაჟების მოსამზადებლად.. დღემდე პასუხი არ არის. სამწუხაროდ არ გაგვკვირვებია ან რა პატრიოტულ სულისკვეთებაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ქართველი მაღალჩინოსნები ისრაელის ჯარში მყოფი ქართული წარმოშობის ჯარისკაცებით ამაყობენ და ფეისბუქზე მათ ფოტოებს ალაიქებენ, პარალელურად საკუთარ ჯარს კი დღესასწაულებს ოკუპანტი სამხედროების ფოტოებით ულოცავენ, ხოლო ჩვენს წვევამდელებს კბილის ჯაგრისით ტუალეტებს ახეხინებენ.

ისრაელი მის მოქალაქეზე თავდასხმას სახელმწიფოზე თავდასხმად განიხილავს. რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა არცერთ მსგავს შემთხვევას უპასუხოდ არ ტოვებს. სპეცოპერაციების შედეგად არაერთი სამიზნე გაუნადგურებიათ დედამიწის სხვადასხვა წერტილში, ღირსეულად უომიათ უთანასწორო ბრძოლებში და დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა დაუსჯელი არასდროს დარჩება.

ჩვენთან რა ხდება? დღისით, მზისით ოკუპანტები ადამიანებს გვიკლავენ, იტაცებენ, აწამებენ, მიწას გვართმევენ. მკვლელები კი თბილისიდან 50 კილომეტრში თავისუფლად დასეირნობენ. რას აკეთებს ქართული სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ მკვლელებმა და მოძალადეებმა პასუხი აგონ და საკადრისი სასჯელი მიიღონ? - არაფერს. "რუსეთს ხომ არ გავაღიზიანებთ და ომს ხომ არ დავიწყებთ" - ამბობს ხელისუფლება. როგორ მოიქცეოდა ისრაელი მსგავს შემთხვევაში, მგონი ყველასთვის ნათელია. ყოველ შემთხვევაში, "ირანს ხომ არ გავაღიზიანებთ და ომს ხომ არ დავიწყებთო" ამას ნამდვილად არ იტყოდა.

რა ჰქვია ქვეყანას, რომელიც შენი არსებობის უფლებას არ აღიარებს - ებრაელი ამ კითხვას არ დასვამს ირანთან, და მით უმეტეს მის ხელმძღვანელებთან მიმართებაში. წარმოუდგენელია, რომ ებრაულ დისკურსში ეს კითხვა საერთოდ ფიგურირებდეს.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ისრაელში პროირანული პარტია არსებობდეს. წარმოუდგენელია ხომ? აი ჩვენთან კი პრორუსული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიც გინდა იმდენია. მეტიც, ისინი უბრალოდ კი არ არსებობენ, არამედ პრეტენზია და თავხედობა ყოფნით იმისთვის, რომ თავი ყველაზე ეროვნულ, ქართული ტრადიციებისა და პატრიოტული სულისკვეთების ერთადერთ გუშაგებად წარმოგვიდგინონ.

ებრაული საზოგადოებისთვის ეროვნული ინტერესი ყველაზე მაღალი ღირებულებაა. ჩვენთვის ეროვნული ინტერესზე მაღლა პირადი, პოლიტიკური, პარტიული, ბიზნეს, კლანური, მერკანტილური, ქართულ-ჯიგრული თუ კიდევ სხვა უამრავი ინტერესი დგება. ისინი უმალ ერთიანდებიან, როდესაც სამშობლოს საფრთხე ემუქრება და მტერს ყველა საშუალებით ებრძვიან. ჩვენთან სექსუალურ უმცირესობებთან საბრძოლველად გაერთიანებისთვის უფრო მეტი ასხივებს ენთუზიაზმს, ვიდრე ოკუპანტთან დასაპირისპირებლად. რაც მთავარია, ისრაელში საკუთარი შეცდომებს ხედავენ, მათზე სწავლობენ და ყოველი კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოდიან. ჩვენ კი იმის ნაცვლად რომ რამე ვისწავლოთ, დაშვებული შეცდომების გამართლებით ვართ დაკავებული.

როგორც ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ამბობს, ჩვენ ერთი პატარა, ღარიბი, უპერსპექტივო ერი ვართ, რომელსაც ძლიერი მტერი ყავს. ამიტომ ოკუპანტი არ უნდა გავაღიზიანოთ, ჩუმად ვიყოთ, ამბიციები დავიოკოთ და შეიძლება გადავრჩეთ.

ისრაელიც პატარა ქვეყანაა, მასაც არანაკლებ ძლიერი მტრები ყავს, ჩვენზე ბევრად უარესი სასტარტო პირობებიც ქონდათ, თუმცა ისრაელელები ჩუმად არასდროს ყოფილან, უკან არ დაუხევიათ, ამბიციები არასდროს შეუკვეციათ და ყოველ ცისმარე დღეს იბრძოდნენ იმისთვის, რომ მოწინავე, მდიდარი, ძლიერი და თანამედროვე სახელმწიფო აეშენებინათ. 

სწორედ ეს არის ისრაელის გადარჩენის ფორმულა, რომელიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ჩვენი გადარჩენის ფორმულისგან და სანამ ასე იქნება, ჩვენ ისრაელი ვერ ვიქნებით. 

ბევრი იმასაც იტყვის, რომ ისრაელი მარტო არ არის. მას ამერიკა და მდიდარი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფეხმოკიდებული დიასპორა უმაგრებს ზურგს. რაც ასევე სიმართლეა, თუმცა ისრაელის ლიდერებისა და მოქალაქეების სწორი ხედვის, სიმტკიცისა და თავგანწირვის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. შესაძლოა საქართველოს მართლაც არ ჰყავდეს ისრაელის მსგავსი ლობი თუ დიასპორა. თუმცა, ჩვენ ქვეყანას მეგობრებიც საკმარისი ჰყავს დასავლეთში და დიასპორაც საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ მათი მობილიზებითა და დახმარებით ქვეყნის გადარჩენა და წინ წაწევა შევძლოთ, თუ თავად საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტელიტას ექნება ამისთვის საჭირო მზაობა, თავდადება და ხედვა.

და სადაც ხედვას ვახსენებთ, ბოლოს იმავე გოლდა მეიერის კიდევ ერთი რჩევა-გამონათქვამი გავიხსენოთ:

"თუ გსურთ... ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან

თუ გსურთ... ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ,

თუ გსურთ... შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ

მაშინ... ორი ნაბიჯი გადადგით:

1. კორუფცია გამოაცხადეთ ღალატის ტოლფასად -

ხოლო... კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე:

2 . სამი პროფესიის ადამიანები:

სამხედროები, მასწავლებლები და ექიმები, გახადეთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემ პროფესიის წარმომადგენლებად და რაც მთავარია... იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ -

რადგან... არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ თქვენს გარდა.

თქვენ, მხოლოდ თქვენ და არავის სხვას სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა.

როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები ან არა უბრალოდ ლოზუნგი -

არამედ თქვენი ცხოვრების გზა,

მაშინ მიაღწევთ მიზანს!"

დროა საქართველოშიც დავფიქრდეთ ამაზე: რა არის ჩვენი საიდუმლო იარაღი სახელმწიფოს გადასარჩენ ომში. და გვაქვს თუ არა ალტერნატივა!


close დახურვა