logo
ENG



დმანისელები, რომლებიც გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, პოლიციაში გამოჰკითხეს

17 მაი 202109:44
3 წუთის საკითხავი
 

დმანისში ადგილობრივების გამოკითხვა პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად გატანაზე უარი უთხრა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კონფლიქტის ამსახველი კადრები მაღაზიის სათვალთვალო კამერამ გადაიღო, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. 

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ერთმანეთს ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები დაუპირისპირდნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

ბაირამოვას თქმით, დმანისში მცხოვრები ეკომიგრანტები მაღაზიიდან ხშირად იღებდნენ პროდუქტს ნისიად, შემდეგ კი ვალს არ აბრუნებდნენ. 

"მივიღე ინფორმაცია, რომ ჩხუბში მონაწილეები არ არიან კმაყოფილები პოლიციაში გამოკითხვით. მათ სამართლიანი გამოძიება სურთ". - ამბობს ბაირამოვა. 

დმანისის მერი გამორიცხავს დაპირისპირებას ეთნიკურ ნიაგადზე. 

გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაშავებულები 11:00 საათზე საპროტესტო აქციასაც გამართავენ. 


close დახურვა