სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისში სიტუაციის განმუხტვისთვის დამატებითი საპოლიციო ძალა უნდა გაგზავნოს.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აღიკვეთოს.
როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, მთავარი საფრთხეა ის, რომ კონფლიქტმა ეთნიკური შეფერილობა არ მიიღოს.
"ორი კინკილა პოლიციელი კი არ უნდა გაგზავნონ, არამედ კარგად ორგანიზებული და დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. მაშინ, როდესაც რამდენიმე მშვიდობიან დემონსტრანტზე ასეულობით პოლიციელს უშვებენ და აპატიმრებენ ხოლმე მშვიდობიან დემონსტრანტებს, ზუსტად ახლა, ასეთ ვითარებაში, დმანისში უნდა გამოიყენონ პოლიციელების დიდი რაოდენობა, სპეციალური დანიშნულების რაზმები და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აღიკვეთოს ეს პროვოკაცია.
მთავარი საშიშროება არის ის, რომ ეს ყოფითი პრობლემა არ გადაიზარდოს საშიშ დაპირისპირებაში და რაც ყველაზე საშიშია, ეთნიკური შეფერილობა არ მიიღოს ამ კონფლიქტმა", - განაცხადა ჩიხლაძემ.
დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.
დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით არის შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა.
მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.
მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას სიშვიდისკენ მოუწოდა.