პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირების "ეთნიკურ კონფლიქტად შეფუთვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა".
თალაკვაძის თქმით, ყველამ დაინახა, რომ მიმდინარე დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტია.
"ამ ინციდენტის შეფუთვა და ამის გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, არის მიუღებელი. ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს არის საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი", - აცხადებს თალაკვაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები "ყველაფერზე მიდიან".
"ძალადობა რომ მომხდარიყო სხვა ორ მოქალაქეს შორის და არანაირი ეთნიკური განმასხვავებელი იქ არ ყოფილიყო, რა რეაგირება ექნებოდათ ჩვენს ოპონენტებს? ნებისმიერ მოქალაქეს ექნებოდა რეაგირება, რომ მიუღებელია ძალადობა. ოპონენტებს, ვინც ანგაჟირებული არიან პოლიტიკურად, სურთ, რომ პრობლემა წარმოაჩინონ უფრო დიდად და იქ, სადაც ის არ არსებობს. ისინი ყველაფერზე მიდიან. სერიოზული კომენტარი ამაზე არც შეიძლება, რომ მაღაზიაში მომხდარი ყოფითი კონფლიქტი გადავთარგმნოთ, როგორც ეთნიკური დაპირისპირება", - განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, სამართალდამცავებს მიმდინარე მოვლენებზე თავიდანვე ჰქონდათ რეაგირება და კანონის აღსრულებისთვის საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა აქვთ.
დმანისში ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.
დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყო შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა.
მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
მომხართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ და ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ასევე ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.