logo
ENG



დმანისის საკრებულოში მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

17 მაი 202120:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/17/n1hghtmb8mlf8ui.jpg

დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

"შერიგება მოხდა ჩვენსა და აზერბაიჯანელებს შორის. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომში ასეთი ფაქტები აღარ გაგრძელდება. ყოველთვის გვირჩევნია ისეთი სიტუაცია, როგორიც აქამდე გვქონდა. შეხვედრა, კარგად ჩაიარა. დასასრული იყო ყველასთვის მისაღები. შეთანხმება ისეთია, რომ დაპირისპირება ამოწურულია", - განაცხადა ამირან ნარსავიძემ

ადგილზე აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვიც იმყოფებოდა. მისი თქმით, მხარეებმა ერთმანეთს მიუტევეს

"ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი", - აღნიშნა ემინოვმა

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ადგილობრივებმა პოლიციის კორდონიც გაარღვიეს. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.


close დახურვა