logo
ENG



ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

22 მაი 202112:19
3 წუთის საკითხავი
 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ. 

ისინი უკვე სამი დღეა, განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები და მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ. 

მათი თქმით, დავით გურგენიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ის "კრიმინალია", რომელიც "CV-ის აყალბებს". 

სტუდენტების მტკიცებით, გურგენიძე რამდენჯერმე არის ნასამართლევი და სასჯელი რუსეთის ციხეშიც კი მოიხადა, თუმცა, CV-ში უწერია, რომ ამ დროს მუშაობდა. 

"ვაპროტესტებთ კრიმინალ რექტორს და ვითხოვთ მის გადადგომას. ახლა ვართ განათლების სამინისტროში და ვითხოვთ ბატონ ჩხენკელთან შეხვედრას და ველით, როდის გადაწყვეტს ჩვენთან შეხვედრას, თუმცა, გუშინ სამარცხვინოდ 9 საათზე გაიპარა ისე, რომ ფოტოს გადაღებაც ვერ მოვასწარით. მაინც ველოდებით, რომ გამოიჩენს პასუხისმგებლობას და შეგხვდება".- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 

მოქმედი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელიც თანამდებობაზე გადადგომის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში ხელახლა დაინიშნა, პოსტზე მათ შორის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. შოთაძის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გურგენიძეც გახდა რექტორი. 

მაშინ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტმა ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.


close დახურვა