logo
ENG



დიპლომატები უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოში დანიშვნების შეჩერებას ითხოვენ

22 მაი 202114:28
3 წუთის საკითხავი
 

დიპლომატიური კორპუსი უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერებას ითხოვს.

ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომელიც საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს.

დიპლომატები მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენებენ აღებულ ვალდებულებებს და ხაზს უსვამენ, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის ფინანსურ დახმარება.

წერილი 21 მაისს არის შედგენილი. 

მასში ვკითხულობთ: 

ძვირფასო ბატონო კუჭავა,

გვსურს დავიწყოთ იმით, რომ მივესალმებით თქვენ მიერ ვალდებულების აღებას, შესრულდეს 19 აპრილის შეთანხმება, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საკითხში ოპოზიციის ჩართულობის კუთხით.

თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. 

19 აპრილის შეთანხმებით მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ გაატარებენ ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას. პარტიები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებდნენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და გაატარებდნენ რეფორმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურებების, დისციპლინური ზომებისა და აპელაციების კუთხით. 

მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მართლმსაჯულების რეფორმის გატარების ინკლუზიურ პროცესზე და საერთაშორისო დახმარებისა და რჩევების მიღებაზე ამ რეფორმების გატარების დროს, განსაკუთრებით მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში, მათ შორის იმ მოსამართლეებისა, რომლებიც ინიშნებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. 

19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს აკისრია გადამწყვეტი როლი იმ საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტულად დასახვაში, რომლებიც სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს ეხება. მათი მიღების დროს შეიძლება გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაწეული რჩევები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. 

შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით. 

მეტიც, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ უნდა იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნამდე. მართლაც, როგორც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერება გამოაჩენს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში. 

ჩვენი მხრივ, მზად ვართ, დაგეხმაროთ რეკომენდაციებით და რჩევებით, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, მათ შორის, მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში. 

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი - მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც ახალ წევრებს კენჭი უნდა უყარონ, 26 მაისს დაინიშნა. 

ამასთან, არ შეჩერებულა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები

 


close დახურვა