logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ვის ჩაერთო წამზომი?!

23 მაი 202120:09
3 წუთის საკითხავი
clock 1426

წამზომი ჩართულიაო...რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობას ულტიმატუმი გაუგზავნეს და ხვალ დღის 12 საათამდე პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებით დაემუქრნენ - ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა. პროექტის ხელშეკრულების გაუქმება, ეკონომიკის მინისტრის გადადგომა და იმ ადამიანების დასჯა მოითხოვეს, ვინც ხელშეკრულება მოამზადეს და ხელი მოაწერეს, ასეთი კი მარტო ექსპრემიერი გახარია არ არის.

ბევრმა შეიძლება არ იცის და გეტყვით, რომ: ისტორია 2015 წელის 24 დეკემბერს, კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს იწყება, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების თანახმად ნამახვანჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით ინტერესთან გამოხატვა გამოაცხადა. ამ დროს ფონდის ხელმძღვანელი არის თბილის ენერჯის მოქმედი გენერალური დირექტორი და კალაძის მერიაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე.

კომპანია ენკა გამარჯვებულად გამოცხადდა 2017 წლის 16 იანვარს - კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში. ამ პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ისევ კალაძის კადრი: მამუკა კობახიძეა და შემდეგ პროექტის მომზადებაზე ფონდმა მუშაობა ახალი ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გააგრძელა - რიჟვაძე ამჟამად აჭარის მთვარობის მოქმედი თავმჯდომარეა.

ხელშეკრულება ენკა-სთან მთვარობამ 2019 წლის 25 აპრილს გახარიას პრემიერმინისტრობის დროს გააფორმა.

ქართული ოცნება ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდში შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. პირველად 9 წლის განმავლობაში მას პრობლემას უქმნის არა ნაციონალური მოძრაობა, რომელთან ოპონირებაშიც ძველი, შეიძლება ითქვას მოძველებული არგუმენტებით, მაგრამ დღემდე ასე თუ ისე ფონს გადიოდა. ისევე, როგორც რაიმე საფრთხეს ვერ გრძნობდა ღია რუსული, თუ რელიგიური და ეთნოცენტრისტული ჯგუფებისგან. ახლა კი ჯერ რეგიონში, და დღეს უკვე დედაქალაქში ამოეზარდა პროტესტი, რომლის შემადგენლობაც გამორჩეულად ეკლექტურია, შეგვიძლია უფრო კორექტულად ვთქვათ მრავალფეროვანი. მაგალითად დღეს რესპუბლიკის მოედანზე ერთად იდგნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, ქართული მარშის წევრები და ევროპული მემარცხენე იდეების მატარებელი ქართველები, რომლებიც ნებისმიერ თემაზე წესით ერთმანეთთან იდეოლოგიურად ყველაზე დაპირისპირებულები კი არა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულები უნდა იყვნენ. ლიდერიც განსხვავებულია: ვარლამ გოლეთიანს ვერც ნაცობას მიაწებებ და ლევან ვასაძესავით ზედაპირულად გადაფხეკვა არ შველის რომ კრემლის ვარსკვლავის ბზინვარება ეგრევე თვალში გეცეს. მოკლედ ქართული ოცნება დღეს აშკარად ძალიან დაბნეულია და არ იცის ამ სახელდახელო პროტესტს როგორ უპასუხოს. აქვე სახელდახელოობაზეც ლეგიტიმური კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას: სატრანსპორტო, სასცენო, თუ ტელეტრანსლაციისთვის საჭირო ფინანსები საკმაოდ მასშტაბურ და მსუყე ფინანსურ მხარდამჭერებზე მეტყველებს, რომელთა შესახებაც ჯერ ჩვენ არაფერი ვიცით. 

მოკლედ ხელისუფლება დააბნია იმან რომ აქამდე შეჩვეულები იყვენენ ნაცმოძრაობასთნ სპარინგს, თუმცა ეს პროცესი ასეთივე გამოწვევაა ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიისთვის, რომელთაგან ამ ფონზე ზოგი კოდექსზე მუშაობს, ზოგი კი პარლამენტში შესვლა/არშესვლაზე დებატობს, მაგრამ ამ თემებთან მკაფიო პოზიციონირება ყველას უჭირს, პრინციპში გარდა ჯაფარიძის გირჩისა.

რამდენიმეკვირიანი სამზადისის შემდეგ დღეს თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, უფრო სწორედ არც დამთავრებულა...


close დახურვა