logo
ENG



ლუკაშენკოს დავალებით დაკავებული აქტივისტის თქმით, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

23 მაი 202123:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/23/9udivw9gqz1tjj0.jpg
ფოტო: DW

ბელარუსი აქტივისტ/ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის თქმით, რომელიც ცოტა ხნის წინ დააკავეს, მინსკში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ეს განცხადება აქტივისტმა მაშინ გააკეთა, როდესაც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი იძულებით, სამხედრო გამანადგურებლის დახმარებით ბელარუსში დაეშვა და ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დავალებით პროტასევიჩი დააკავეს.

რომან პროტასევიჩი ბელარუსი ბლოგერი, ფოტოგრაფი, აქტივისტი და ჟურნალისტია. ის ოპოზიციური მედიის NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამავე სააგენტოს მთავარი რედაქტორიც იყო. ეს სააგენტო აქტიურად აშუქებდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას. გარდა ამისა, პროტასევიჩი ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტის სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდშიც იყო. ის კოორდინირებას უწევდა სხვადასხვა აქციასაც. 

პროტასევიჩს გასული წლის ნოემბერში ლიეტუვაში გაქცევა მოუწია. მანამდე ის პოლონეთში იმყოფებოდა. ის BBC-სთან საუბარში ამბობდა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელთა ჯამური სასჯელი 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. საქმეებს შორის არის: "პრეზიდენტის შეურაცხყოფა", "მასობრივი არეულობების ორგანიზება" და სხვა. 2020 წლის ნოემბერში ბელარუსის КГБ-მ პროტასევიჩი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ტელეგრამ-არხი NEXTA და მისი ლოგოტიპი ბელარუსის ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ექსტრემისტულად გამოცხადდა ასევე ტელეგრამ-არხი "Беларусь головного мозга", რომლის წამყვანიც სწორედ პროტოსევიჩია.

ლუკაშენკომ, რომელიც ხელისუფლების სათავეში 1994 წლიდან არის, ბრუტალურად ჩაახშო 2020 წლის პროტესტები ქვეყნის მასშტაბით. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, აგვისტოდან მოყოლებული ქვეყანაში სულ 35 ათასი ადამიანი დააკავეს. ათობით მოქალაქე ციხეში მოხვდა. 1000-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე დაიღუპა. 

 


close დახურვა