"რიონის მცველების" მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე იწურება.
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა სწორედ ამ დრომდე მისცეს ხელისუფლებას ვადა, შეასრულონ მათი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალაქის პარალიზება დააანონსეს.
ვარლამ გოლეთიანმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ კონკრეტულ გეგმებს სცენიდან გაახმოვანებს მას შემდეგ, რაც ხალხი შეიკრიბება.
"ვაპირებთ, რომ მსვლელობა მოვაწყოთ. გვინდა, რომ კონკრეტული გეგმა სცენიდან გავახმოვანოთ მას შემდეგ, რაც ხალხი შეიკრიბება.
ვფიქრობ, არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, საით დავიძვრებით და რას გადავკეტავთ. აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ჩაბმული ვართ ადეკვატურ და სამართლიან ბრძოლაში და აქ ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება. უნდა ვიმოქმედოთ ყველა შემთხვევაში, ამიტომ აუცილებლად ვიმოქმედებთ.
არ ვაპირებთ რამე ტიპის კომპრომისს, იმიტომ, რომ ამოწურულია ყველა ეს მეთოდი.
ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც აქ მოვიდა გუშინ და ახირებულად ვითხოვთ, რა გვინდა. მთელმა საზოგადოებამ იცის ჩვენი ადეკვატური და კონსტრუქციული მიდგომა. უკვე ნახევარი წელია, რიონის ხეობაში ვართ. მხარდაჭერაც, არსებითად, ამან შექმნა - ყველამ კარგად დაინახა ხელისუფლების არასწორი, უსამართლო, უარგუმენტო ქმედებები ჩვენი მისამართით". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
"რიონის მცველების" პირველი საპროტესტო აქცია თბილისში გუშინ, 23 მაისს გაიმართა.
ისინი ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.