logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: გახარია - უძღები შვილი, თუ?...

30 მაი 202121:06
3 წუთის საკითხავი
clock 956

არც ივანიშვილი უხსენებია და არც სააკაშვილი, არც ოცნება და არც ნაცმოძრაობა. გვითხრა ის რაც უკვე დიდი ხანია კარგად ვიცით: რომ ქვეყანა კორუფციასა და ნეპოტიზმში იხრჩობა, რომ მმართველმა გუნდმა პარტიული ინტერესი ქვეყნის ინტერესზე მაღლა დააყენა, პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლაში კი მოსახლეობა დაივიწყა, რაც მისი ოცნებიდან წამოსვლის მიზეზი გახდა. და კიდევ ის, რომ ის და მისი თანაგუნდელები ერთიანდებიან საქართველოსთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ. გახარია კი ამბობს რომ არავის წინააღმდეგ ერთიანდება, თუმცა აშკარად სხვაგვარად ფიქრობს ოცნება.

მმართველი ძალის შიდა კვლევები აჩვენებს, რომ მას და ნაცმოძრაობას შორის სხვაობა სწრაფად მცირდება. და თუ ვინმეს უჩნდება ოცნების ამომრჩევლის გადაბირების შესაძლებლობა ეს სწორედ გახარიას ახალი პოლიტიკური მოძრაობაა. ოცნების მხრიდან პირველი კრიტიკაც გაისმა: რომ გახარია საეჭვო თამაშში ჩაერთო, რომ ოცნების დასასუსტებლად მას თურმე კეზერაშვილი აფინანსებს და რომ გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი. თუმცა, ეს კრიტიკა ჯერჯერობით იმდენად სუსტი და უხერხემლოა, რომ ელექტორატის გადინების შეჩერების ნაცვლად, ის ოცნების დეზორიენტირებულ ამომრჩეველს კიდევ უფრო აბნევს. ფაქტია, რომ მმართველ გუნდს სერიოზული შეტევის მიტანა უჭირს იმ ადამიანზე, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ივანიშვილის ფავორიტი, ოცნების საამაყო ლიდერი, სუპერმენი თუ სუპერ მენეჯერი იყო. და თუ ოცნება ფირფიტას ბოლომდე გადაატრიალებს და გახარიას მოღალატედ, ნაციონალებთან გარიგებულად თუ კეზერაშვილის დასპონსორებულად გამოაცხადებს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამით საკუთარ თავსა და ივანიშვილს კიდევ უფრო დააზარალებს. რადგან გამოვა, რომ გახარია, ან თავიდანვე კეზერაშვილის ჩანერგილი აგენტი იყო, ანდა ქართული ოცნება იმდენად უპერსპექტივო ძალად იქცა, რომ მათმა პრემიერმა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ან ადამიანებთან გადაწყვიტა შეკვრა, რომლის განადგურებაც თავად არაერთხელ დააანონსა მაღალი ტრიბუნიდან.

ოცნებისგან ასევე რთული იქნება ნაოცნებარის მიმართ კომპრომატებით თუ სხვა ბინძური საშუალებით ბრძოლა, რადგან თუ ოცნება პანდორას ყუთს გახსნის, იმავე ყუთიდან გახარიასაც არანაკლები ტალახის სროლა შეეძლება მათი მისამართით. აი შედეგად ლაფში რომელი მხარე მეტად ამოისვრება, ამის განსაზღვრა კი ნამდვილად გაძნელდება. მეტიც, ოცნების მხრიდან პირდაპირი შეტევა გახარიაზე მის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც გაზრდის და ერთგვარი მინიშნებაც იქნება იმისა, რომ ელექტორალურ უმცირესობაში მყოფ სამთავრობო პარტიას ყოფილი პრემიერის მართლაც ეშინია. ოცნებისთვის იდეალური იქნება თუ ივანიშვილი თავად გამოჩნდება ჰორიზონტზე, პირადად გააკრიტიკებს გახარიას და ოცნებას კვლავ მისთვის უალტერნატივო პოლიტიკურ ძალად დაასახელებს. რაც რთულად წარმოსადგენია, რადგან ეს, ერთის მხრივ, ივანიშვილის უკვე მერამდენედ პოლიტიკაში შემობრუნება იქნება, მეორეს მხრივ კი ხელს შეუშლის მილიარდერის სავარაუდო გეგმა B-ს, რომლის მიხედვითაც, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში მას ოცნებასთან ერთად გახარიაც და შესაძლოა ვასაძეც კოალიციურ პარტნიორებად დასჭირდება. ოცნების პრობლემას ართულებს პოლიტიკურ ველზე უკვე ფორმალურად ახალგამოჩენილი რაინდიც, რომელსაც ასევე აქვს ოცნებისთვის რუსეთის მოშიში თუ მოყვარული მხარდამჭერების წართმევის შანსი და რომელიც პრორუსულ ელექტორალურ სივრცეში უპირატესობის მოპოვებას კრემლის ხელდასმულის იმიჯის დემონსტრირებით ცდილობს. ამის დასტურია დუგინთან მისი შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალის ქართული მასმედიისთვის მყისიერი ხელმისაწვდომობა და რუსი ანალიტიკოსის გზავნილის ფართოდ გავრცელება, რომ კრემლმა სწორედ ვასაძის მოძრაობას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. საკმარისი იქნება თუ არა დუგინის პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ რუსეთის პირველმა პირმა მისი შეგონება შეისმინოს, ძნელი სათქმელია. რეალობაში ის პუტინის მეხოტბე უფროა, ვიდრე მთავარი სტრატეგი და იდეოლოგი, როგორც მას ქართული მედია მოიხსენიებს. თუმცა, დუგინის იმიჯი ვასაძის რეკლამისთვის და მოსკოვის ხელის შემყურე ქართველი ელექტორატის დასარწმუნებლად ნამდვილად საკმარისია. ამ ყველაფერს ემატება ნაცმოძრაობის ალბათ მართებული გადაწყვეტილება ბოლოს და ბოლოს შევიდეს პარლამენტში, რაც ერთის მხრივ ისედაც დასუსტებულ ოცნებას არჩევნების წინ სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის, მეორეს მხრივ კი დასავლელ მეგობრებში მთავარი ოპოზიციური პარტიისადმი გაჩენილ სკეპტიციზმს გაანელებს. ამასობაში კი ოცნების ამოცანა, რომ ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტი აიღოს, სერიოზულად რთულდება.

აუცილებელი სულაც არ არის, რომ გახარიასა და ვასაძის პოლიტიკურმა ძალებმა დიდი ელექტორალური მხარდაჭერა მოიპოვონ. ორივე მათგანმა ჯამში 6-7 პროცენტიც რომ აიღოს, რაც სავსებით რეალურია, მმართველ პარტიას 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. და თუ ნაცმოძრაობა და დანარჩენი ოპოზიციაც დალაგებულ და კარგად შეთამაშებულ პოლიტიკურ გამბიტს შესთავაზებენ ივანიშვილის, არაფორმალურ მმართველს რიგგარეშე არჩევნებისთვის მომზადება და გეგმების სერიოზული გადაწყობა მოუწევს. მანამდე კი თავად გახარიას ბევრი შრომა და განსაკუთრებული მოქნილობა დასჭირდება რაიმე სერიოზული და ხელშესახები შედეგის დასადებად და იმის დასამტკიცებლად, რომ ბატონი ბიძინას, ანუ პოლიტიკური მამის "უძღები შვილი" კი არ არის, არამედ მისივე ერთგული, ოჯახის უმცროსი წევრია, რომელმაც მამის მიცემული ტალანტი, ანუ შესაძლებლობები გაამრავლა და დრო მოვა, უკან უფრო მეტს დაუბრუნებს. რთულად მისაღწევი ამოცანაა, თუმცა სხვაგვარად გახარიას ბევრად უარესი პერსპექტივა ელის. თუ ის ბიძინასთან მებრძოლების რიგში ჩადგება, აქ ის აუთსაიდერობის აშკარა კანდიდატია.


close დახურვა