logo
ENG



ღარიბაშვილი: დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა

31 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock 1291
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან "უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური" უწოდა 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის 44.8%-ით ზრდას.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილში, რასაც ამ წლის მონაცემი დარდება, ეკონომიკა 16%-ზე მეტით შემცირდა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ 2021 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა.

"ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, ბიზნესში არის ძალიან პოზიტიური განწყობები, ძალიან პოზიტიური მოლოდინები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 8.1% შეადგინა.

აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.


close დახურვა