logo
ENG



ჰესის მოწინააღმდეგე დააკავეს, თვითმხილველთა თქმით, 1 რეზინის, 1 ცეცხლსასროლი ტყვიით დაჭრეს

01 ივნ 202118:34
3 წუთის საკითხავი
clock 2924
ჰესის მოწინააღმდეგე დააკავეს, თვითმხილველთა თქმით, 1 რეზინის, 1 ცეცხლსასროლი ტყვიით დაჭრეს
ვახო ქარელი/ფორმულა

იმერეთში, სოფელ საყულიაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილე ირაკლი მუკბანიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. ადგილობრივების თქმით,  დაკავების დროს ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შსს მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებული სასაფლაოზე თანმხლებ პირებთან ერთად მუშაობდა, რა დროსაც მათთან სპეცრაზმი მივიდა და მუკბანიანის დაკავებისას გაისროლა. 

ფორმულასთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ სპეცრაზმმა სასაფლაოზე შეკრებილ პირებს გაუფრთხილებლად, ფეხებში ესროლა.

"ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებს ნამახვანჰესის მიმდინარეობას. 3 დღის წინ მოხდა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის მიწოლ-მოწოლა, უნდოდათ ნამახვანჰესის მიმართულებით წასვლა, რა დროსაც პოლიციამ არ გაუშვა, ვითომ ხელი მოუქნევიაო, არ ვიცი, არც კადრი მინახავს. 

დღეს მეგობრის მამის საფლავზე რაღაცებს აკეთებდნენ და სრულიად მოულოდნელად, გაუფრთხილებლად მივიდნენ სპეცრაზმით სავსე 2 "მარშუტკითა" და 2 პატარა მანქანით, პირდაპირი იერიშით, "დაწექით ძირს, თქვენი დედები, თქვენი ასე, თქვენი ისე", სროლით.

როცა სპეცოპერაცია კეთდება და ვაჟკაცი ბიჭები გხვდება, ჯერ არ უნდა გაეფრთხილებინათ? უნდა გაეფრთხილებინათ. ჰაერშიც უნდა მომხდარიყო გასროლა, არანაირი ჰაერში გასროლა, პირდაპირ ფეხებში", - ყვება ადგილობრივი. 

შსს-ს განცხადებით, დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც მათ იძულების ღონისძიება გამოიყენეს. 

გამოძიება ირწმუნება, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

ჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

"რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა