logo
ENG



შსს: ჰესის მოწინააღმდეგის დაკავებისას გამაფრთხილებლად გავისროლეთ, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები

01 ივნ 202121:17
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ჰესის მოწინააღმდეგის დაკავებისას გამაფრთხილებლად გავისროლეთ, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები

შსს ამტკიცებს, რომ სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა. უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თვითმხილველებმა თქვეს, რომ სპეცრაზმმა მუკბანიანის დაკავებისას მათი მიმართულებით გაუფრთხილებლად ისროლა. მათივე თქმით, ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა.

უწყება თავის განცხადებაში არ აღნიშნავს, რამდენი ადამიანი დაშავდა, ან დაიჭრა სპეცოპერაციის დროს და წერს, რომ გამოიყენეს "სპეციალური საშუალებები". 

"ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ პოლიციისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას.

ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.

სიტუაციის ესკალაციის არიდების და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები", - განმარტავს შსს. 

ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებული სასაფლაოზე თანმხლებ პირებთან ერთად მუშაობდა, რა დროსაც მათთან სპეცრაზმი მივიდა და მუკბანიანის დაკავებისას გაისროლა. 

ამასთან, სოფელ საყულიეს მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ირაკლი მუკბანიანის დაკავების დროს, იქვე მყოფი ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ფორმულასთან საუბარში დაკავებულის ძმა, ბესიკ მუკბანიანი ყვება, რომ სპეცრაზმმა სასაფლაოზე შეკრებილ პირებს გაუფრთხილებლად, ფეხებში ესროლა.

"ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებს ნამახვანჰესის მიმდინარეობას. 3 დღის წინ მოხდა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის მიწოლ-მოწოლა, უნდოდათ ნამახვანჰესის მიმართულებით წასვლა, რა დროსაც პოლიციამ არ გაუშვა, ვითომ ხელი მოუქნევიაო, არ ვიცი, არც კადრი მინახავს. 

დღეს მეგობრის მამის საფლავზე რაღაცებს აკეთებდნენ და სრულიად მოულოდნელად, გაუფრთხილებლად მივიდნენ სპეცრაზმით სავსე 2 "მარშუტკითა" და 2 პატარა მანქანით, პირდაპირი იერიშით, "დაწექით ძირს, თქვენი დედები, თქვენი ასე, თქვენი ისე", სროლით.

როცა სპეცოპერაცია კეთდება და ვაჟკაცი ბიჭები გხვდება, ჯერ არ უნდა გაეფრთხილებინათ? უნდა გაეფრთხილებინათ. ჰაერშიც უნდა მომხდარიყო გასროლა, არანაირი ჰაერში გასროლა, პირდაპირ ფეხებში", - ყვება ის.

შსს მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა