ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ გარკვეულ წესებზე წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეუშვებენ.
როგორც მეუფემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, დაწესებულებაში შესვლამდე ომბუდსმენმა მათ უნდა შეუთანხმოს, როგორ მოხდება ბენეფიციარების მდგომარეობის შესწავლა და რა კითხვებს დაუსვამენ მათ.
"ომბუდსმენი და ომბუდსმენის აპარატი ორი განსხვავებული რამ არის. რაც შეეხება თვითონ ომბუდსმენს, ჩამობრძანდეს, შევხვდეთ წინასწარ, შევთანხმდეთ რაღაც წესებზე და შემდეგ შევიდეთ ერთად. ჯერ შევიდეთ ისე, კამერების გარეშე, მერე გამობრძანდეს ომბუდსმენი, თვითონ მოითხოვოს ეს კამერები და შევიდეთ კამერებთან ერთად. ეს არის შემოთავაზება. აუცილებლად შევიყვანთ შიგნით, ოღონდ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. წინასწარ უნდა გავიაროთ ომბუდსმენთან, როგორ მოხდება, რა შეკითხვებს დაუსვამს [ბავშვებს]", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კითხვას - რატომ უნდა შეუთანხმოს მათ ომბუდსმენმა, თუ რა კითხვებს დაუსვამს პანსიონის ბენეფიციარებს, მეუფემ ასე უპასუხა: "იმიტომ რომ მის მიმართ არის ეჭვი, რომ ამორალურ შეკითხვებს უსვამს ბავშვებს".
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.
გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.