logo
ENG



პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვი შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს

03 ივნ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock 3542

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 10 წლის წინ, პანსიონში ერთერთ აღმზრდელს ცემის დროს 7 წლის ბიჭი შემოაკვდა. 

მისი თქმით, ფაქტი პანსიონის ხელმძღვანელობამ დამალა. ის იხსენებს, რომ მომხდარის შემდეგ გარდაცვლილი ისე წაიყვანეს, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

"ეზოში ვიყავით ჩასულები და ამ დროს ერთი ბავშვი გაიქცა გოგოებისკენ, ბიჭი, იქნებოდა 6-7 წლის დაახლოებით. ამ აღმზრდელმა ჯერ სულ თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე იმ დონემდე მიიყვანა ბავშვი, იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ალბათ, როგორ შემოაკვდა ხელში. ეს ფაქტიც კი გაუხსნელია. შემოვიდა იქ ერთი მანქანა, პოლიცია არ იყო, ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც პლიონკა და წაიყვანეს", - ამბობს პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი.

მან პანსიონში 15 წელი გაატარა და ამბობს, რომ აღმზრდელები იქ "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული. ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ყვება ის. 

ურჩი აღსაზრდელების დამშვიდების ერთერთი ტრადიციული მეთოდი, ყოფილი ბენეფიციარის თქმით, დამაძინებელი საშუალებებიც იყო. ამბობს, რომ ეს საკუთარ თავზეც გამოუცდია. ასევე იხსენებს იმასაც, თუ როგორ აბულინგებდნენ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს.

"იყო ერთი ბავშვი, რომელსა აღმზრდელებმა თვითონ მოსიარულე ფსელი შეარქვეს. გენეტიკური დაავადება ჰქონდა ამ ბიჭს, ჩემი მეგობარი იყო. გახდა დასაცინი მასწავლებლებისგანაც და ბავშვებისგანაც. მასწავლებლებმა რომ დაიწყეს, ბავშვებიც აყვნენ", - ამბობს ის.

მისივე თქმთ, გაქცევა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

"90-ჯერ მაინც ვცადე გაქცევა. 40-მდე ბავშვი ვაპირებდით იქ ბუნტის ატეხვას და გაპარვას, მაგრამ 40-დან დავრჩით ორნი. სიკვდილის ეშინოდათ, არ უნდოდათ, რომ იმ ბიჭის შემდეგი ის ყოფილიყო", - ამბობს ის.

ყოფილი ბენეფიციარი ასევე ამბობს, რომ მისი პანსიონში ცხოვრების დროს გაუპატიურების ფაქტები არ სმენია.

"იყო ფაქტები, როდესაც აღმზრდელებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი იყო ნასამართლევი 14 წლის ბავშვის გაუპატიურებზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა", - ამბობს ყოფილი აღსაზრდელი.

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.

 

close დახურვა