logo
ENG



სააგენტოს ხელმძღვანელი: ბავშვმა გვითხრა, რომ 3 წლის წინ აღმზრდელი ფსიქოლოგიურად ძალადობდა

04 ივნ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock 2354

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, პანსიონიდან გაყვანილ 6 ბავშვს შორისაა ისიც, ვინც ტელეკომპანია იმედთან საუბარში განაცხადა, რომ მასზე 3 დღის წინ მას აღმზრდელმა სცემა. ჟურნალისტებთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ბავშვებთან ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ. 

"ასეთი ტიპის განცხადებები მნიშვნელოვანია, ბავშვები გამოვიყვანეთ, არ მინდა ამ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდეს. რა თქმა უნდა, დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზეც. გუშინ გამოვიყვანეთ ისინი. მათთან სპეციალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ", - თქვა მან. 

მერი მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში, ასევე აღნიშნა, რომ მათ პანსიონიდან ძალადობის შესახებ ბოლო ცნობა 10 დღის წინ მიიღეს. მისი თქმით, აღსაზრდელმა მათთან თქვა, რომ 3 წლის წინ აღმზრდელმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა. 

"10 დღის წინ მოგვაწოდა ბოლოს დარღვევაზე ინფორმაცია. [ეს იყო] ძალადობაზე. ბავშვმა დაასახელა, რომ მისი პანსიონატში ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ეს ბავშვი მანამდე იყო გადმოყვანიული. ახლა, არ ვიცი ეს აღმზრდელი სად არის, შეიძლებას იყოს პანსიონში, შეიძლება არა. ეს დაფიქსირდა შსს-შიც.

ეს ფაქტი, რომელზეც ახლა მოგვაწოდა ბავშვმა ინფორმაცია, მან გვითხრა, რომ არის ძველი, დაახლოებით 3 წლის წინანდელი" - განმარტავს სააგენტოს ხელმძღვანელი. 

მისივე ცნობით, აქამდე, პანსიონში 53 ბავშვი იყო, 6-ის გამოყვანის შემდეგ კი 47 ბავშვი დარჩა ადგილზე.

იგი ამბობს, რომ გამოყვანილი ბავშვების ასაკია 10-დან 16 წლამდე, პანსიონიდან გაყვანის ოფიციალურ მიზეზად კი ისინი ქალაქთან ახლოს გადასვლის სურვილს ასახელებენ. 

"6 ბავშვი უკვე გამოყვანილია დაწესებულებიდან და გრძელდება დამატებით 10 ბავშვთან მუშაობა. ამავდროულად, მიმდინარეობს სხვა ბავშვების შეფასების პროცესიც. ბავშვების ზრუნვის ფორმის შეცვლას გარკვეული მუშაობა სჭირდება. გადაწყვტილებები მათთან შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული, ამისათვის, სპეციალური ჯგუფია გაგზავნილი, რომლებიც იქ დარჩებიან და არ დატოვებენ დაწესებულებას, მანამ არ გვეცოდინება, რომ იქ ყველაფერი კარგადაა", - ამბობს მერი მაღლაფერიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) გეგმავს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ და მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა.


close დახურვა