logo
ENG



არგანაშვილი: შსს-მ პანსიონის დირექტორზე შემაკავებელი ორდერისთვის მინდობილობა გვთხოვა

05 ივნ 202111:55
3 წუთის საკითხავი
 

შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი იურისტებს, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს იცავენ, პანსიონის დირექტორის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად რომელიმე ბავშვის მინდობილობას სთხოვს. 

დირექტორის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით შსს-ს ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ გუშინ, 4 ივნისს მიმართეს. 

"გვპასუხობენ, რომ სანამ რომელიმე ბავშვის მინდობილობას არ წარვადგენთ, ვერ გვეტყვიან დაიწყეს თუ არა შემაკავებლის გამოცემაზე მუშაობა.

მინდობილობას გვთხოვენ იმ ბავშვებზე, რომლებიც სამი წელია, ჩაკეტილები არიან და ნოტარიუსთან კი არა, სკოლაში არ უშვებენ - მინდობილობის ასაღებად საჭიროა ამ ბავშვების მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ნოტარიუსთან დამოწმებით

აი, ამიტომ არ უნდა აქო არც ერთი სახელმწიფო უწყება, კრიტიკულ მომენტში ასე რომ არ მოიქცნენ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მაინც დავიცავთ ბავშვებს, თქვენი ეს ქმედება (უმოქმედობით ბავშვების უფლების დარღვევა) კი ისტორიას და გაეროში საქმის წარმოებას დარჩება". - წერს ანა არგანაშვილი ფეისბუქზე

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 4 ივნისს სასამართლოსაც მიმართა შუამდგომლობით, გამოიყვანონ ყველა ბავშვი ნინოწმინდის პანსიონიდან

მათ სასამართლოს წარუდგინეს სხალთელი მთავრეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის და მათ შეკითხვებს უსვამს: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკმა პანსიონატიდან წაიყვანონ. ბავშვები მას ტირილით პასუხობენ და დათრგუნულები არიან. 

ეპისკოპოსმა ვიდეო ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გაუშვა. შესაძლებელი იყო ბავშვების იდენტიფიცირება. 

იურისტების შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები დასჯის სასტიკ მეთოდებზე ლაპარაკობენ. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს". 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. 


close დახურვა