logo
ENG

აუდიტი: მერიამ და გამგეობებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 632-ჯერ ჩაასხეს

05 ივნ 202114:41
3 წუთის საკითხავი
clock 463

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2017-2018 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და გამგეობების ხარჯებს უკავშირდება, დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობა და გადაადგილება შესაძლოა არ უკავშირდებოდეს სამსახურებრივ საჭიროებებს და მინიმუმ, 100.7 ათასი ლარის ღირებულების 51.6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯული იყოს არასამსახურებრივი დანიშნულებით.

უწყების განცხადებით, აუდიტის ჯგუფის მიერ მერიიდან გამოთხოვილ იქნა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.

2017- 2018 წლებში მერიის კუთვნილ ავტომობილებში ავზის მოცულობაზე ერთჯერადად გადაჭარბებული საწვავის ჩასხმის მაგალითები.

სულ 2017-2018 წლებში გამოვლინდა 632 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29.0 ათასი ლიტრი საწვავი.

ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა თბილისის მერიისა და გამგეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები. 

აუდიტის სამსახურისვე ინფორმაციით, შესწავლის შედეგად გამოვლინდა ავტომობილების თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 678 დაუსაბუთებელი ფაქტი, რა დროსაც გახარჯულია 43.0 ათასი ლარის ღირებულების 22.6 ათასი ლიტრი საწვავი და შესაბამის დროის მონაკვეთში ავტომობილებში საწვავის ჩასხმის დრო არ ემთხვევა დასაქმებულთა სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის პერიოდს.

რაც შეეხება უშუალოდ მანქანების რაოდენობას - აუდიტის სამსახურის მოკვლევით, 2017 და 2018 წლებში სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ წლების მიხედვით 9 და 10-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობებს.

close დახურვა