logo
ENG



14:00 საათზე შუქრუთელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

06 ივნ 202111:08
3 წუთის საკითხავი
clock 1439
Gmc • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

შუქრუთელ მოშიმშილეებს აქტივისტები და უფლებადამცველები სოლიდარობას უცხადებენ და მხარდამჭერ აქციას მართავენ. 

"სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს" - ამ სახელწოდებით აქცია 14 საათზე თბილისში, პუშკინის სკვერში გაიმართება. მისი ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა" და Gmc • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი არიან.

„კვირას, 6 ივნისს, 14:00 საათზე, ვიკრიბებით პუშკინის სკვერში (თავისუფლების მოედანთან), რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შუქრუთელ მოშიმშილეებს, რომლებიც ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია რაც აპროტესტებენ.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები დიდი ხანია პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ, რაც ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

სწორედ ამიტომ, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, მათ პროტესტის უკიდურეს ზომას - პირის ამოკერვასა და შიმშილობას მიმართეს.

შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა", - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

 

 

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 110 დღეა, ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. 

აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი. მოშიმშილეები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.


close დახურვა