თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, გიორგი გახარიას მიერ თებერვალში პრემიერის პოსტის დატოვებას ღალატად აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწია ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება.
როგორც წულუკიანმა განმარტა, გიორგი გახარიას თანაგუნდელები ავრცელებდნენ ხმას, რომ ისინი ქართული ოცნებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობდნენ - სწორედ მსგავსმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა დღეს განცხადება გაავრცელა.
„გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, არაერთი მათგანის შესახებ არსებობს ინფორმაცია, ავრცელებდნენ ხმას აქტივში და რეგიონში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილნი ოცნების და ივანიშვილის მიერ, ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე. ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი გამოდის და ამბობს, რომ მისის ახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი ჩვენთვისაც, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერს და გუნდის ლიდერს", - განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრი აღნიშნავს, რომ ყოფილ პრემიერს გუნდის მსგავსი პოზიცია ჰქონდა ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, თუმცა მოულოდნელად შეიცვალა. მისი თქმით, ეს იყო ღალატი და იმედგაცურება გუნდისთვის.
„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გადადგა და ეს იყო აუხსნელი გუნდისთვისაც. მოხდა ის, რომ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შგნით იმ ერთიან პოიზიციას გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენ. სხვადასხვა ფორმატში მას ეჭირა ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის უზენაესობას და ზოგიერთ შეხვედრებზე გამოირჩეოდა და უმტკიცებდა სხვა წევრებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო, დაეცვა კანონი.
მაგრამ უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ეს ჩვენება, ასე ვთქვათ, და გაგვაოცა ყველა. გაოცება, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენგან არ იყო, ბიძინა ივანიშვილი მის ამ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს. და რა ჰქვია ამ ქმედებებს, თუ არა ღალატი, იმედგაცურება. სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და დაგვყარა, მიგვატოვა მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი, შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი. გუნდის ლიდერი, როცა რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც უნდა ეს ყოფილიყო ერთადერთი და სწორი, ის უნდა იყოს გუნდის გვერდით", - ამბობს კულტურის მინისტრი.
პოლიტიკიდან წასულმა ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 7 ივნისს ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არაა. ივანიშვილი გახარიას მოღალატეს უწოდებს და ამბობს, რომ მან იმედი გაუცრუა.
გიორგი გახარია 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა - მისი თქმით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა იყო.
ყოფილმა პრემიერმა პარტია საქართველოსთვის დააფუძნა.