logo
ENG



კალაძე: ივანიშვილის წერილმა წერტილი დაუსვა მითქმა-მოთქმას, რომ გახარიას პარტია მისი პროექტია

08 ივნ 202112:52
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის 7 ივნისის წერილმა წერტილი დაუსვა მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტია მისი პროექტია. 

მისივე თქმით, ივანიშვილს არ უთქვამს, რომ ექსპრემიერის მიერ პარტიის და თანამდებობის დატოვება სახელმწიფოს ღალატია. 

"ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, რომ გიორგი გახარიას ქმედება ღალატი იყო. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით. არ იყო მოსაწონი ის გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში გახარიამ მიიღო. 

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი. ამან წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარაიას პარტიის შექმნა არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი". - თქვა კახა კალაძემ. 

ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წასულია, 7 ივნისს წერილი გამოაქვეყნა და გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნებას გამოეხმაურა. 

ივანიშვილმა გიორგი გახარიას მიერ ქართული ოცნების დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა, რაც "გაუგონარი მიზეზით მოხდა". 

"თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი". - წერს ბიძინა ივანიშვილი წერილში. 

მისივე შეფასებით, გიორგი გახარია ახლა ნაციონლური მოძრაობის ინტერესებს ემსახურება. 

ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ გიორგი გახარიას ქმედებებს ღალატი უწოდეს მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც, მათ შორის ირაკლი კობახიძემ, სოზარ სუბარმა, თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას - მაგალითად, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუშინდელმა წერილმა 2 რამ დაადასტურა: რომ ივანიშვილი არსად წასულა და ის კვლავ მართავს სახელწიფოს და მთავრობას; და რომ  მას სურს, გახარიას პოლიტიკური გუნდით ხმები საპროტესტო ელექტორატს გაუყოს. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

29 მაისს კი თავისი პარტია საქართველოსთვის წარადგინა. 


close დახურვა