logo
ENG



პრემიერი ნამახვანჰესზე: არსებული პირობებით, 100 წელი და ა.შ. ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს

09 ივნ 202115:22
3 წუთის საკითხავი
clock 1538
საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და ამ საკითხზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

"ნამახვანჰესის პრობლემა მე მემკვიდრეობით დამხვდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს. ეს ერთი.

ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი მოსახლეობისთვის, მათ შორის  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის", - ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შაბათს, 12 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა ხელისუფლებასთან - როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, ევროკავშირის თაოსნობით მედიაციის პროცესი იწყება. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, შაბათის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

"რიონის მცველების" მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა