logo
ENG



ღარიბაშვილი გახარიაზე: მელიას დაკავების დროს მე არ ვფიქრობდი რისკებსა და საფრთხეებზე?

09 ივნ 202115:23
3 წუთის საკითხავი
clock 1433

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას უპასუხისმგებლო ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი, როცა ქვეყნის პრემიერმინისტრი იმის გამო გადადგა, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. 

"ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ყველა ჩვენს ქმედებაზე, გადაცდომაზე, მიღწევასა თუ წარმატებაზე. რაც შეეხება შეფასებას - ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება. მან ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. 

გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს ის იყო ბიზნესომბუდსმენი. შემდეგ ის დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შს მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, რომელიც მთლიანად კურირებდა უსაფრთხოების სისტემად. შემდეგ იყო პრემიერმინისტრი. და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო შემთხვევა მისი მხრიდან, რისი მსოფლიო ანალოგიც არ მოიძებნება - როცა პრემიერმინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო". - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას დაკავების დროს მომატებული რისკი და საფრთხე არსებობდა. 

"ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა და არ იყო მოსალოდნელი. იქ იყავით ჟურნალისტებიც. იყვნენ პოლიტიკოსები. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხელჩართული ბრძოლა დაწყებულიყო. 

მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. 

მის ამ გადაწყვეტილებას დაერქვა სახელი - პრემიერმინისტრს, რომელიც კრიზისის დროს გუნდის ლიდერი იყო, უნდა აეღო პასუხისმგებლობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ჩემი და ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით უპრობლემოდ ჩავატარეთ ოპერაცია, არავინ დაზიანებულა. 

როგორ ფიქრობთ, მე არ ვფიქრობდი რისკებსა და საფრთხეებზე?". - თქვა ღარიბაშვილმა. 

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მისი განმარტებით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხზე მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა იყო.

რამდენიმე დღეში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. მისი გადაწყვეტილებით, 2021 წლის 23 თებერვალს პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შევიდა და პარტიის თავმჯდომარე დააკავა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს. 


close დახურვა