logo

ევროსაბჭომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად ბოლო ვადა მისცა

10 ივნ 202117:26
3 წუთის საკითხავი
clock 175
2021/06/10/aedd0akc8q39abw.jpg

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განუსაზღვრა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა 6 სექტემბრამდე უნდა გადაუხადოს კომპენსაცია საქართველოს ხელისუფლებას (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად), ან რუსეთის მიერ ხელი უნდა მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით.

"როგორც ცნობილია, 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა, რათა მოპასუხე სახელმწიფოს აღესრულებინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მინისტრთა კომიტეტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება.

მინისტრთა კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას უახლოეს სხდომაზე 2021 წლის სექტემბერში განაახლებს. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

close დახურვა