logo
ENG



ანა აბაშიძის თქმით, პანსიონის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება

11 ივნ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock 1124

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება.

აბაშიძე ამის შესახებ facebook-ზე წერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მოწმე და მისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.

მისივე თქმით, პროკურატურა ამ საკითხზე ინფორმირებულია, თუმცა უწყებას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია.

"ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა. ითხოვენ გაჩუმდეს თორემ რაც მოუვა ნახავს. ამ ადამიანმა გამოძიებას უკვე მისცა პანსიონატში არსებულ ვითარებაზე ჩვენება. ორი დღეა ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ. აი არაფერს. ახლა საჯაროდ გეუბნებით. იცით, ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი იმ ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება! დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას", - წერს აბაშიძე.

ნინოწმინდის პანსიონში ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს სახალხო დამცველიც.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ გამოძიებას ჩვენება არ მისცენ.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ჩვენების მიცემის გამო ერთ-ერთ აღსაზრდელს უნივერსიტეტი დაატოვებინეს.

18 წლის ლუკა ხაჩიძე პანსიონის ყოფილი აღსაზრდელია, რომელიც უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ამის მიზეზი, პანსიონში ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციაა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.


close დახურვა