logo
ENG



ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს ზაზა გახელაძის გათავისუფლებას 23 ივნისამდე სთხოვს

14 ივნ 202110:12
3 წუთის საკითხავი
clock 521

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, თუ ის 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ. 

მათ ირაკლი ღარიბაშვილს ვადა სწორედ 23 ივნისამდე მისცეს. ამ დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

მისი ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, პრემიერმინისტრთან მათი შეხვედრის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. 

გახელაძეები ამბობენ, რომ სომეხი ტყვეების გათავისუფლებისთვის გაწეული ძალისხმევა დასაფასებელია, თუმცა, ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებზეც უნდა იზრუნოს. 

"პრემიერმინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. იქნებ ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს". - ამბობს ირმა ბუთხიზი

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.


close დახურვა