დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტმა 2 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2020 წლების შესრულება შეისწავლა.
ორგანიზაციის დასკვნით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმაა, ვინაიდან ციხეებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურა.
"იმ პირობებში, როდესაც სისტემაში არსებობს კრიმინალურ სუბკულტურაზე დაფუძნებული არაფორმალური მართვის სისტემა, რომელზეც ერთხმად საუბრობენ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი და საქართველოს სახალხო დამცველი და რომელიც პატიმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის პრინციპის განხორციელებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებები კვლავ ვერ პასუხობს მსჯავრდებულთა რეალურ საჭიროებებს, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება მომავლის პერსპექტივად რჩება".- აცხადებს ორგანიზაცია.
IDSD-სვე განცხადებით, ანგარიშის მომზადების დროს მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვა იუსტიციის სამინისტრომ.
ციხეებში კრიმინალურ სუბკულტურაზე სახალხო დამცველი რამდენიმე წელია, ხმამაღლა ლაპარაკობს.
2019 წლის დეკემბერში მან თქვა, რომ სხვა პატიმრებს ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ. ნინო ლომჯარიას მაშინდელი განცხადებით, ეს, სავარაუდოდ, არ არის ე.წ ქურდების მიერ ციხის მართვა კლასიკური გაგებით, თუმცა, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას.
ომბუდსმენის თქმით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ციხეებში არაფორმალურ მმართველობას სისტემური ხასიათი აქვს და იმ დაწესებულებებში, სადაც ასეთი მმართველობაა, სახალხო დამცველის მიმართ მიმართვიანობა მკვეთრად დაბალია.
ნინო ლომჯარიას 20 იანვრის განცხადებით, მის წარმომადგენლებს პატიმრები ემუქრებიან და ითხოვენ, ომბუდსმენმა ციხეებში ვიზიტები შეწყვიტოს.
ნინო ლომჯარია საპატიმროებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის მხილების გამო იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა და მიუთითა, რომ ის "ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი არ არის, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს".