logo
ENG



NATO: ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

14 ივნ 202120:17
3 წუთის საკითხავი
 
NATO: ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი", - ამის შესახებ ალიანსის სამიტზე ცოტა ხნის წინ მიღებულ კომუნიკეში წერია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომუნიკეში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალ ნებას. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ NATO აფასებს საქართველოს წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი სამოქმედო გეგმით (MAP), რომელიც პროცესის განუყოფელი ნაწილია; ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარეშე ჩარევისგან  თავისუფალმა", - წერია კომუნიკეში.

ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს მისი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და შევიწროება საქართველოს მოქალაქეების მიმართ"

კომუნიკეში, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ამავდროულად, ორგანიზაცია მიესალმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების გაფორმებას და ელის მის სრულ იმპლემენტაციას.

„საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ, და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განსახორციელებლად. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გამყარების, ტრენინგებისა და წვრთნების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს"

NATO-ს სამიტი ბრიუსელში დღეს გაიმართა. სამიტამდე ალიანსის გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნებოდა რუსეთის აგრესიული ქცევა და ალიანსის ძლიერი შეკავების და თავდაცვის მიდგომა და დიალოგი.

მისივე განცხადებით, ნატოს სამიტზე განიხილებოდა ავღანეთის საკითხი, სადაც NATO-ს სამხედრო მისიები სრულდება, თუმცა, გაგრძელდება მათი მხარდაჭერა ავღანელი სამხედრო ძალების და ჯარის მიმართ.


close დახურვა